თბილისი, 18 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს, 18 ნოემბერს, მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი იუბილარია. ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი დროების სასიქადულო მწერალს 90 წლის იუბილე მიულოცა. „ცოცხალი ძეგლი გვყავს, ცოცხალი ლეგენდა და ვერ ვაცნობიერებთ დღეს კიდევ, მგონი, ბოლომდე... არ გვესმის, ვინ გვყავს ჩვენ და ვერ ვაცნობიერებთ კარგად და ვერ ვაკეთებთ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ“, – აღნიშნა ბიზნესმენმა.
ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ ჭაბუა ამირეჯიბის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:„ბატონო ჭაბუა,
თქვენი ცხოვრება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს ერთი ადამიანის მიერ განვლილმა წლებმა და ნააზრევმა მთელი საზოგადოება. თქვენ ზნეობრივი გმირის სახე შექმენით მაშინ, როდესაც ბოლშევიზმი ყველაფერს აკეთებდა ჩვენი სულების დასაკნინებლად. ამ გმირმა უკვე თაობები აღზარდა და გზაც გააკვლევინა ჩვენს ურთულეს სამყაროში.
მეტადრე იგი გვჭირდება დღეს, როდესაც ქვეყანას დაეუფლნენ ადამიანები, ვისთვისაც ჩვენ მხოლოდ ისტორიის საშენი მასალანი ვართ და ვისაც ერთი ადამიანის მიერ მეორისთვის გაწეულ სიკეთეშიც კი ანგარებისა და ბოროტი ზრახვის ამოკითხვა შეუძლია. ღვთის მადლით და თქვენი და თქვენისთანების ნააზრევის შემწეობით ჩვენ ყველანი მათაც დავძლევთ და ერთად აღვისრულებთ ქართულ ოცნებას.
სულით და გულით გილოცავთ იუბილეს! დაე, კიდევ მრავალ წელს გვყავდეთ, კიდევ მრავალ წელს მოგვყვებოდეს თქვენი ფხიზელი ზნეობრივი თვალი!
უღრმესი პატივისცემით,
ბიძინა ივანიშვილი“