თბილისი, 18 ნოემბერი, საქინფორმი. საკრებულოს ფრაქცია „ჩვენი თბილისის“ წევრებმა დედაქალაქის ბიუჯეტის ცხრა თვის გეგმის შესრულება გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ცხრა თვის გეგმის შესრულება პარადოქსებითაა სავსე.
როგორც ფრაქციის წარმომადგენლებმა ზურაბ აბაშიძემ და ვიქტორ დოლიძემ აღნიშნეს, დედაქალაქის ბიუჯეტის 9 თვის გეგმა, შემოსულობების ნაწილში 91,8 %-ით შესრულდა, ანუ მიღებულია 44 მლნ ლარით ნაკლები. უარესი მდგომარეობაა შემოსავლების ნაწილში, ის შესრულებულია 90,8 %-ით, ანუ ბიუჯეტმა ვერ მიიღო 47 მლნ ლარი.„ამ ფონზე გადაჭარბებითაა შესრულებული ჯარიმებისა და საურავების გეგმა. დედაქალაქში ამ გზით ამოღებულია 16,2 მლნ ლარი, ანუ გეგმურზე 4,4 მლნ ლარით მეტი. ასევე, გადაჭარბებით შესრულდა დასუფთავების გადასახადის გეგმა. ნაცვლად გეგმური 15მლნ ლარისა, ამოღებულია 18,5 მლნ ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ 3,5 მლნ ლარი დამატებით არის ამოღებული ჩვენი თანამოქალაქეების ჯიბეებიდან. ეს არის დენისა და ნაგვის გადასახადების მიბმის უგულავასეული ნოვაციის შედეგი. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მერიის შესაბამისი სამსახურებისაგან, გააცნონ საზოგადოებას, თუ რაში დაიხარჯება ეს დამატებითი თანხები, როდის და რამდენით გაეზრდებათ ხელფასები ამ სფეროში დასაქმებულ რიგით თანამშრომლებს; მეორე – წლის დარჩენილ 3 თვეში კიდევ დამატებით რამდენ მილიონს ამოიღებენ ჩვენი თანამოქალაქეების ჯიბეებიდან; მესამე – რატომ არ შემოაქვთ შესაბამისი ცვლილებები მიმდინარე წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისი თქმით, აღნიშნული ციფრებით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ დედაქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვაც და შესრულების ადმინისტრირებაც არადამაკმაყოფილებელია.
„სამწუხაროდ, იგივე გრძელდება 2012 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის ფორმირების დროსაც. კერძოდ, პროექტის მიხედვით, 2012 წელს, 2011 წლთან შედარებით, შემოსულობები მცირდება 14,6 მლნ ლარით, შემოსავლები კი – 14,1 მლნ ლარით. კიდევ უფრო გაუარესებულია ბიუჯეტის გამჭვირვალობის ხარისხი, ხოლო მერის ტრადიციადქცეული ფუჭი პიარკამპანია ნოემბერში მოსახლეობის გამოკითხვით ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის თაობაზე, თვალის ახვევაა და მეტი არაფერი“, – მიიჩნევს ზურაბ აბაშიძე.
„ცხრა თვის გეგმის შესრულება პარადოქსებითაა სავსე ეგრეთ წოდებული მერიის პრიორიტეტების შესრულების თვალსაზრისითაც. კერძოდ, ჯანდაცვის გეგმა – 19,4 მლნ ლარი, შესრულებულია 11,6 მლნ ლარით, ესე იგი დახარჯულია 7,8 მლნ ლარით ნაკლები, ანუ გეგმა შესრულებულია 59,8 %-ით, მაშინ, როდესაც კულტურისა და დასვენების გეგმა შესრულებულია 89 % -ით. სოციალური დაცვის ხარჯები, ნაცვლად 74,6 მლნ ლარისა, დაფინანსებულია 61,3 მლნ ლარით, ანუ 13,3 მლნ ლარით ნაკლებით. ესე იგი, გეგმა შესრულებულია მხოლოდ 82%-ით. ასევე, გაურკვეველია, რამდენი დაიხარჯა სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის დაპირებული შეღავათების დაფინანსებაზე.
დაბოლოს, მოვითხოვთ, განგვიმარტონ, 30 000 რომელ „გარკვეული კატეგორიის პენსიონერს“, როგორც ეს ანგარიშშია აღნიშნული, რატომ და რამდენი ეძლევა დანამატი?“, – აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.