რელიგია
თბილისი, 18 ნოემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპისი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს მოსკოვში მიემგზავრება.
როგორც საქართველოს საპატრიარქოში განმარტეს, უწმიდესი რუსეთში მღვდელმთავრებსა და სასულიერო პირებთან ერთად გაემგზავრება და ის რუსეთის პატრიარქის უწმიდეს კირილის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.ორი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ერთობლივ წირვას 20 ნოემბერს მოსკოვში მაცხოვრის სახელობის ტაძარში აღავლენს. 23 ნოემბერს, წმიდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს კი, კათოლიკოს-პატრიარქი მოსკოვში წმ. გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში წირვას აღავლენს და რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, უწმიდესი მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილსაც შეხვდება. სხვა ოფიციალური შეხვედრები კი დაგეგმილი არ არის.
ილია მეორე საქართველოში 24 ნოემბერს დაბრუნდება.