საზოგადოება
შაშიაშვილი: „მეტი ფიქრი დემოკრატიაზე და ნაკლები საუბარი ნატოზე“

shashiashთბილისი, 18 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობის“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს დღევანდელი საქართველოს გზასთან დაკავშირებით ნატოსკენ. გთავაზობთ თემურ შაშიაშვილის მოსაზრებებს უცვლელად:

„ნატოს გენერალური მდივანი რასმუსენი საქართველოს მთავრობას ურჩევს, „რეფორმების გზას არ გადაუხვიოს“.  ასეთივე რჩევა მისცა „ვარდების რევოლუციამდე“ საქართველოში ჩამოსულმა მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა შევარდნაძის მთავრობას.

2003 წლამდეც რეფორმების ქვეყანას ეძახდა მთელი დემოკრატიული დასავლეთი საქართველოს და 2003 წლის შემდგომაც. ერთი სხვაობით, რომ 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდგომ მთელმა დასავლეთმა თქვა: შევარდნაძის დროს საქართველოში რეფორმები არ მიდიოდა. ეჭვი არ მეპარება, რომ იმავე შეფასებებს გააკეთებს დემოკრატიული დასავლეთი სააკაშვილის წასვლის შემდგომ, როცა იძულებული იქნება, დაინახოს რეალური საქართველო და არა – მოჩვენებითი. ამ უკანასკნელს კი ნამდვილად შევარდნაძეზე უკეთ აჩვენებს დასავლეთს სააკაშვილი.

რასმუსენის ვიზიტით გაბრწყინებულმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა: „საქართველო როგორც არასდროს ახლოა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და ამ გზიდან ვერავინ გადაგვახვევინებს“.

ნახეთ, შევარდნაძის შეფასებები 2001 თუ 2002 წლებში, როცა ნატოს მაშინდელი გენერალური მდივნის ვიზიტის დროს (ალბათ, გახსოვთ, მაშინ ნატოს გენერალური მდივანი რესპუბლიკის მოედანზე დაესწრო სამხედრო აღლუმს და აღფრთოვანებული იყო ქართველი ჯარისკაცების მომზადებით...) ამბობდა  იმავეს. მეტიც, მან აღნიშნა, რომ უახლოეს 10 წელიწადში საქართველო ნატოს წევრი გახდებოდა. გავიდა 10 წელი და, როგორც მაშინ შევარდნაძე ამბობდა, არასდროს ასე ახლოს არ ვყოფილვართ ნატოსთანო, იმავეს ამბობს სააკაშვილი 10 წლისთავზე და, როგორც ჩანს, 10 წელი კიდევ დაგვჭირდება ნატომდე, მაგრამ დემოკრატიული და არა – ავტორიტარული 10 წელი.

ერთში სააკაშვილსაც ვეთანხმები და შევარდნაძესაც: „ამ გზიდან ვერავინ გადაგვახვევინებს“.  სამწუხარო ის არის, რომ სხვა კი არ გვახვევინებს, ჩვენ ვუხვევთ თვითონ ნატოსკენ მიმავალი გზიდან.

ყველაფერი ეს გავიხსენე იმისათვის, რომ გავაკეთო მკვეთრი შეფასება. ხალხმა განსაჯოს, მართალია თუ არა იგი. უჭირდა შევარდნაძეს – ებღაუჭებოდა ნატოს, უჭირს სააკაშვილს – ებღაუჭება ნატოს.  შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ნატოში რუსეთმაც შეგვასწროს, რომლის ჯიბრზეც მუდმივად საუბრობდა შევარდნაძე ნატოზე და გაცილებით მეტი აგრესიით აკეთებს ამას სააკაშვილი. გავიხსენოთ, რომ დიდი ხანია, შექმნილია „ნატო-რუსეთის საბჭო“ და პუტინმა გამოთქვა მოსაზრება რუსეთის ნატოში შესვლის თაობაზე.

ფაქტი ერთია, ნატო არის კარგი მომავალი საქართველოსათვის, მაგრამ მისი პოლიტიზება, რომელსაც წარმატებით ახერხებდა „მოქკავშირი“ და გაცილებით მეტი წარმატებით აკეთებს მისი სულიერი მემკვიდრე „ნაცმოძრაობა“, მეტად გვაცილებს ნატოს, ვიდრე გვაახლოებს.

რა ჯობია ნამდვილი ოპოზიციური პარტიებისათვის – რასაც ყველაფრის სხვის ჯინაზე მკეთებელი სააკაშვილი ამბობს: „არიან ჯგუფები, რომელთაც ნატო შორეულ პარტნიორად ესახებათ, თუმცა მათ პერსპექტივა არ აქვთ“, თუ ის, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ნატოს სტანდარტების ქვეყანა და, შესაბამისად, ნატოს წევრი?

რა თქმა უნდა, მეორე – ნატოს სტანდარტები და ნატოს წევრობა, რადგან ნატოს უპირველესი სტანდარტია დემოკრატია, თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი მედია, თავისუფალი ადამიანი, თავისუფალი მეწარმე და მეწარმეობის თავისუფლება, საერთოდ. საქართველოს ნამდვილად არ აქვს მომავალი ამ უკანასკნელთა გარეშე, ანუ ნიჭის ძალაუფლების გარეშე.

სააკაშვილისა და მისი რეჟიმის ქვეყანა ვერასდროს გახდება ნატოს წევრი, თუ, რა თქმა უნდა, ნატო მის სტანდარტებს არ უგულებელყოფს. ჩვენ ნატოში ვიქნებით მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანაში ნიჭის ძალაუფლება იქნება და არა  – „ნაცმოძრაობის“ უნიჭობის, როგორც ეს დღეს არის.

ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა, ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოს პრეზიდენტისა და ხელსუფლებისათვის ერჩია არა ის, რომ „რეფორმების გზას არ გადაუხვიოს“, არამედ ის, რომ რეალური რეფორმების გზას დაადგეს.

და კიდევ ერთი – ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ხაზგასმა, რაც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ყურადღების გარეშე რჩება: როგორც ჩანს, სააკაშვილს ეშინია ივანიშვილის სახელის ხსენების, რადგან ახსოვს, რომ შევარდნაძის მიერ სააკაშვილის  ხსენებამ (ეს იყო შევარდნაძის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, თუ ამას შეგნებულად არ აკეთებდა) შექმნა დაპირისპირების ილუზია და სააკაშვილი მოიყვანა ხელისუფლებაში. ამიტომ სააკაშვილმა იცის, რომ ივანიშვილთან დაპირისპირებას მისი იგნორირება ურჩევნია. თუმცა ვერ ძლებს და ირიბად მაინც ახერხებს.

დააკვირდით, რას ამბობს სააკაშვილი: „არიან ჯგუფები, რომლებსაც ნატო შორეულ პერსპექტივად ესახებათ, თუმც მათ პერსპექტივა არ აქვთ.“ გამოდის, რომ ნატოს შორეული პერსპექტივა ამ აზრის მქონე პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური ძალების უპერსპექტივობას ნიშნავს. ჯერ ერთი, ეს არის სააკაშვილის  კიდევ ერთი, როგორც იტყვიან, მოკლე მოსაზრება, მეორეც, ეს არის პირდაპირი პასუხი ბატონ ივანიშვილის პოზიციაზე: „ნატო საუკეთესო და უალტერნატივო ვარიანტია საქართველოსთვის, თუმცა, თუკი საქართველოს ალიანსში შესვლა შეუძლებელია, ან მხოლოდ შორეულ მომავალშია შესაძლებელი, საქართველომ რაღაც დროის განმავლობაში და რაღაც ეტაპზე გეოპოლიტიკაში შესაბამისი ადგილი უნდა მოძებნოს“.

ვფიქრობ, ივანიშვილის პოზიცია ამ ეტაპზე საუკეთესოა, სააკაშვილს კი ხელს აძლევს, რაც შეიძლება მეტი ილაპარაკოს ნატოზე, იმაზე, რომ ასე ახლოს არ ვყოფილვართ ნატოსთან არასდროს, ხალხი გააბრუოს ამ საუბრებით, მაგრამ ამით უფრო დაგვაცილოს ნატოს, რადგან ნატოში დემოკრატიული საქართველო შევა, დემოკრატიული საქართველოს პრეზიდენტი კი სააკაშვილი, მისი ავტორიტარული მართვის სტილიდან გამომდინარე, ვერასდროს იქნება. დარწმუნებული ვარ, მას ისიც აშინებს, რომ უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში ნატოში შესული სახელმწიფოების ყველა ის ხელმძღვანელი აღარ აირჩიეს, უფრო მეტიც, პოლიტიკური არენიდან გაუშვეს, რომელთა ხელმძღვანელობის დროს ეს სახელმწიფოები ნატოსა და ევროკავშირის წევრები გახდნენ.

ჩემი დასკვნა ასეთია: ვიდრე ნატოსთან დაკავშირებული საკითხი საქართველოში ზეპოლიტიზებულია, ვიდრე ნატო ხელისუფლების მიერ განიხილება ხელისუფლების შენარჩუნების, ხოლო მართვადი ოპოზიციის მიერ  ხელისუფლებაში მოსვლის ფაქტორად, ჩვენ არათუ ნატოს წევრი ვერ გავხდებით, არამედ გაცილებით დავცილდებით მის წევრობას და გაცილებით გაღრმავდება საქართველოში ავტორიტარული და დიქტატორული მიმართულებები“.