სამართალი
ლასტები და კვერცხები 160 ათასი დაჯდა!

qandakeba-BATUMIბათუმი, 17 ნოემბერი, საქინფორმი. ორიოდ დღის წინათ ბათუმში არსებულ ქანდაკებებს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა შეემატა – 12 კვერცხზე დამაგრებული რეზინის ლასტები ქართული დროშით სასტუმრო „რადისონის“ წინ დაიდგა.

ტელეკომპანია „25“-ის ინფორმაციით, „ცხოვრება ისეთი სათუთია, როგორც კვერცხებზე სიარული“, – ასეთია ამ კომპოზიციის შინაარსი და იგი ფრანგი მხატვრის – ლილი ფანტოცის, ნამუშევრის სახეშეცვლილი ვარიანტია. ორიგინალში რეზინის ლასტების ნაცვლად კედებია წარმოდგენილი. შეცვლილ პროექტს მხატვარი გელა წულაძე ხელმძღვანელობდა. შეკვეთა მან ბათუმის მერიისგან მიიღო, თუმცა იდეის ავტორად საქართველოს განათლების სამინისტროს ასახელებს. ქანდაკებისთვის მერიამ 160 000 ლარი დახარჯა.

საკრებულოს უმცირესობას ქანდაკებისთვის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფისთვის მხარი არ დაუჭერია. საკრებულოს წევრს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“ მიაჩნია, რომ მისთვის მონუმენტს არანაირი მხატვრული ღირებულება არ გააჩნია. მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული ქანდაკების არსებობა უცნობია, ნაწილს კი იგი არ მოსწონს. ნამუშევარი არ მოსწონს მხატვარ კაკო ძნელაძესაც. მისი თქმით, მასში ახალი არაფერია. როგორც იგი განმარტავს, მონუმენტის შინაარსი ტრადიციების უარყოფას ნიშნავს, რაც მისთვის მიუღებელია.

ავტორის ინფორმაციით, ქანდაკება 2009 წელს საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო გამოფენა „ფესტი ნოვაზე“ შერჩეული ნამუშევარია.