საზოგადოება
ხელისუფლება „ძეგლოფობიას“ აგრძელებს

AQTUALURIლანჩხუთი, 17 ნოემბერი, საქინფორმი. წუხელ, გვიან ღამით, ლანჩხუთის ცენტრში „აჯანყებულ გურულად“ ცნობილი ძეგლის დემონტაჟი განახორციელეს. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა ძეგლის გადატანის წინააღმდეგი იყო.

მათი ინფორმაციით, ძეგლის დემონტაჟის დაწყებამდე ადგილობრივმა ხელისუფლებამ და პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიის დაცვა გააძლიერა.

„საღამოს მოყვანილ სპეცტექნიკას იქვე, ცენტრალურ უბანში ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარედ მალავდნენ“, – აცხადებენ ადგილობრივები.

როგორც ცნობილი გახდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ძეგლის დემონტაჟისთვის მუშები და სპეცტექნიკა ფოთიდან ჩამოიყვანა, რადგან „ლანჩხუთელებმა ამ საქმის გაკეთება არ იკადრეს“.

„აქაც, ალბათ, შადრევან ააშენებენ ან სხვა სიგლახეს“, – აცხადებენ ლანჩხუთელები.

ოფიციალური განცხადება – თუ რას უშლიდა „აჯანყებულ გურულად“ წოდებული ძეგლი ხელს და რა განთავსდება მის ადგილას, ადგილობრივ ხელისუფლებას არ გაუკეთებია.