სამართალი
რკინიგზაში განხორციელებული დაპატიმრებები

arest_234თბილისი, 17 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ორიოდ დღის წინათ განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოავლინეს სახელმწიფო მოხელეების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების  ბოროტად გამოყენების  ფაქტი. დაკავებულია საქართველოს რკინიგზის თბილისის რეგიონის უფროსი გიორგი რთველაძე, რომელიც  სხვადასხვა კერძო კომპანიებისთვის ასრულებდა სარემონტო სამუშაოებს  და ამ სამუშაოების დროს  უსასყიდლოდ იყენებდა  საქართველოს რკინიგზის ტექნიკას, მატერიალურ რესურსებს და მუშახელს.იგი დაკავებული იქნა ერთ-ერთი ასეთი  უკანონო ოპერაციის ფაქტზე, რა დროსაც მან  მეწარმისაგან მიიღო 6 000 ლარი და სამუშაოები ჩაატარა საქართველოს რკინიგზის ხარჯზე. წინასწარი ინფორმაციით გიორგი რთველაძის ქმედებებით  რკინიგზამ მიიღო  210 000  ლარის მატერიალური ზიანი. დაკავებულია მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი  გიორგი თუშიშვილი და პაპუნა ლომთათიძე. ასევე, დაკავებულია საქართველოს რკინიგზის თანამშრომელი  ალბერტ ტყებუჩავა და ყოფილი თანამშრომელი ვალერიან ანდრიაძე , რომლებიც სისტემურად იპარავდნენ  საქართველოს რკინიგზის  კუთვნილ განსაკუთრებით დიდი  ოდენობით მატერიალურ ქონებას  და ახდენდნენ მის რეალიზაციას.

საქინფორმის წყაროს ცნობით, აღნიშნული დაკავებები მხოლოდ მოწყობილი შოუა, „რომლის საავტორო უფლება ეკუთვნის ყველასთვის კარგად ნაცნობ ერთ-ერთ ხელმძღვანელ თოფურიძეს“. წყაროს ინფორმაციით, ამასწინათ მსგავსი დაკავებები განხორციელდა რკინიგზის აჭარის უბანზე – ბათუმის სადგურში „აღიკვეთა“ კორუფციული დაჯგუფების საქმიანობა, რასაც, ასევე, მოჰყვა რამდენიმე ათეული პირის დაპატიმრება. ამ ყველაფერს კი წინ უსწრებდა საქართველოს რკინიგზის თითქმის ყველა უბანზე საიდუმლოდ ჩატარებული სხვადასხვა პოლიციური ოპერაციები „კორუფციის გამოვლენის“ მიზნით.

როგორც ჩანს, კარგად ორგანიზებული კორუფციული სქემა საქართველოს რკინიგზაში იმართება არამხოლოდ რკინიგზის ხელმძღვანელობის მხრიდან. მის სათავეს წარმოადგენენ ხელისუფლების უმაღლესი პირები, რომელთა ინტერესებსაც წარმატებით ახორციელებს რკინიგზის შეფი ეზუგბაია. რაც შეეხება დაკავებულ თანამშრომლებს, „ხელისუფლებას ჰყავს ორი ადრესატი ამგვარი შოუს სანახავად, ერთი შიდა მომხმარებელი – ხალხის სახით, და მეორე – დასავლეთის ქვეყნები, სადაც პრეზიდენტ სააკაშვილს უყვარს ინტერვიუების დარიგება კორუფციასთან ბრძოლის შესახებ“, – აცხადებს წყარო.