პოლიტიკა
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს უყრიან კენჭს

evroparlamentiთბილისი,17 ნოემბერი, საქინფორმი. ევროპარლამენტის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ანგარიშის კენჭისყრა, რომელიც კშიშტოფ ლისეკმა მოამზადა, დღეს ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკებათა ფარგლებში გაიმართება.

იმავე ინფორმაციით, დოკუმენტში განხილულია ყველა სფეროში არსებული მდგომარეობა, მათ შორის, ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა. კერძოდ, მიმოხილულია პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა, სამართალი, თავისუფლება, უსაფრთხოება, ეკონომიკა.

დოკუმენტში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის აღიარებული. აქვე შეტანილია მოწოდება რუსეთის მიმართ, გააუქმოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გადაწყვეტილება, მთლიანად შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, დაუშვას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ანგარიშში დაფიქსირებულია მხარდაჭერა „ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიისა“ და ამ სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის მიმართ.