საზოგადოება
თბილისში დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრი გაიხსნა

diABETIთბილისი, 16 ნოემბერი, საქინფორმი. დიაბეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრი და აკადემიური კლინიკა „დიაკორ –75“ გაიხსნა. აღნიშნული სამკურნალო ცენტრები გარემონტდა და ახალი თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა. 50 ექიმი ყოველდღიურად ასობით პაციენტს მოემსახურება და კვალიფიციურ დახმარებას აღმოუჩენს. თითოეულ პაციენტს შესაძებლობა ექნება, აიღოს ანალიზები, ჩაიტაროს ადრეული დიაბეტის დიაგნოსტიკა, გამოიკვლიოს ფარული სტადია  და გაიაროს მკურნალობის სრულყოფილი კურსი. ახალი სამკურნალო ცენტრი თბილისის მერმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და იქ მომუშავე ექიმებს გაესაუბრა.

„საქართველოს სტატისტიკა, რომ ნახოთ, მოსახლეობის 7%-ია დაავადებული, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. სახელმწიფოს ჩართვა და სახელმწიფოს ჩარევა, პირველ რიგში, იმაში მდგომარეობს, რომ სოციალურად დაუცველთათვის სამედიცინო დახმარება იყოს ხელმისაწვდომი და თქვენ იცით, რომ 100 000 ქულამდე თბილისელები დაზღვეულები არიან,  აქედან 70-დან 100-მდე – თბილისის მერიის მიერ. მომავალი წლიდან შემოდის პენსიონერთა დაზღვევა. მოგეხსენებათ, ეს ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფია და ხშირად სადაზღვეო კომპანიები უარს ამბობენ ამ ასაკობრივ კატეგორიაზე. მათი დაზღვევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სამედიცინო მომსახურება ყველაზე რთული სწორედ საპენსიო ასაკის ხალხისთვის არის და ამ მიმართულებით სამედიცინო ხელმისაწვდომობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“, – განაცხადა ცერემონიალზე თბილისის მერმა გიგი უგულავამ.