პოლიტიკა
კონდოლიზა რაისი მემუარებში სააკაშვილსა და რუსეთზე წერს

condolezza-mishaთბილისი, 16 ნოემბერი,საქინფორმი. აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთში ომის დაწყებისთვის რუსეთს მისი პროვოცირების უფლება მისცა. „eurasianet.org“-ის ცნობით, რაისი ამის შესახებ მემუარებში „No Higher Honor: A Memoir of My Years in Washington“ წერს.

რაისი აღნიშნავს, რომ „ერთი მხრივ, იმპულსური სააკაშვილის დაწყნარებას ცდილობდა, ხოლო, მეორე მხრივ, საკუთარი ადმინისტრაციის მებრძოლი წევრების შეკავება უწევდა“.

მემუარებში რაისი თავდაპირველად ომის დაწყებამდე თბილისში გამართულ ვიზიტს აღწერს: „იგი [მიხეილ სააკაშვილი] იყო ამაყი და, შეიძლება ითქვას, იმპულსურიც. ჩვენ ყველა ვშიშობდით, რომ მას შესაძლოა, მოსკოვისთვის მისი პროვოცირების საშუალება მიეცა, რათა ძალა გამოეყენებინა. ფაქტობრივად კი, მან წარმატებულად მოახერხა კონფლიქტის პროვოცირება საქართველოს კიდევ ერთ ამბოხებულ რეგიონში – აჭარაში და მოიგო იმით, რომ ამ რეგიონის საქართველოში რეინტეგრირება მოხდა. პრეცენდენტს, ჩვენ ვშიშობდით, შესაძლოა, მისთვის მიეცა საშუალება, ეფიქრა, რომ იმავე წარმოდგენის გამეორებას შეძლებდა პუტინის საყვარელ სოჭთან სიახლოვეს მყოფ ტერიტორიაზე“.

რაისი წერს, რომ მოუწოდებდა სააკაშვილს, ხელი მოეწერა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებისთვის, თუმცა, მემუარების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი შემოთავაზებას უარყოფდა.

„ბატონო პრეზიდენტო, რაც გინდათ, ის გააკეთეთ, თუმცა ნუ მისცემთ რუსეთს უფლებას, რომ თქვენი პროვოცირება მოახერხონ. გახსოვდეთ ის მომენტი, როცა პრეზიდენტმა ბუშმა თქვა, რომ მოსკოვი ცდილობს, გაგაკეთებინოთ რაღაც სულელური. არ ჩაერთოთ რუსეთის სამხედრო ძალასთან დაპირისპირებაში. არავინ მოვა თქვენს დასახმარებლად და თქვენ დამარცხდებით“, – წერს რაისი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ.

კონდოლიზა რაისი ჯერ კიდევ სამხედრო კონფლიქტის მიმდინარეობის დროს თბილისში გამართულ ვიზიტსა და სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე წერს: „შეწუხებული ვიყავი ჟინიანი, ემოციური და გადაღლილი საქართველოს პრეზიდენტის გამო... „ბატონო პრეზიდენტო, მადლობა გადაუხადეთ ევროპელებსა და ამერიკელებს თქვენთან დგომისთვის. თქვით რაიმე წამახალისებელი თქვენი ხალხისთვის ომის დასრულების შესახებ, ხოლო რუსებზე კომენტარს მე გავაკეთებ“, – ვუთხარი მე. პრესკონფერენცია მძიმედ დაიწყო... სააკაშვილი ინგლისურად შესანიშნავად საუბრობს, ვიცოდი, რომ ეს არ შეიძლებოდა, პრობლემა ყოფილიყო, თუმცა მოულოდნელად მისი ტონი აგრესიული გახდა. იგი  რუსებს ბარბაროსებს უწოდებდა და ტანკების უკან გაბრუნებისკენ მოუწოდებდა. იგი არ ჩერდებოდა. კარგი, გავიფიქრე, ისედაც ველოდი მკაცრ სიტყვებს რუსებთან მიმართებაში. შემდეგ მან დაიწყო ევროპელებზე საუბარი, მიუნჰენის კონფერენციისა და დაშოშმინების შესახებ... სააკაშვილის გამო გაგიჟებული ვიყავი, საუბარიც აღარ შემეძლო“, – წერს რაისი.