საზოგადოება
„ქრონიკა“ ივანიშვილისგან დაფინანსების მიმღებთა ვრცელ სიას აქვეყნებს

siebi3თბილისი, 15 ნოემბერი, საქინფორმი. გაზეთმა „ქრონიკამ“ ბიძინა ივანიშვილის დახმარების მიმღებთა დამატებითი სია გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, გასულ კვირას გაზეთ „ალიაში“ გამოქვეყნებული სია სრულყოფილი არ იყო და ამჯერად დამატებით 2400-კაციან სიას გააცნობს მკითხველს.

გამოცემის ინფორმაციით, სრულყოფილი სიის თანახმად, ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ 3418 პირზე ყოველთვიურად 1 604 620 ლარს გასცემდა.

პირველად გამოქვეყნებული სიის მიხედვით, ივანიშვილის ფონდიდან ფინანსდებიან სპორტისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები: ელისო ვირსალაძე, ანზორ ერქომაიშვილი, გიორგი ასანიძე, რობერტ სტურუა, გია ყანჩელი, ვახტანგ კიკაბიძე, რეზო გაბრიაძე, ნანი ბრეგვაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ჯანსუღ ჩარკვიანი, რეზო ჩხეიძე და ა.შ.

„ქრონიკის“ მიერ გამოქვეყნებული სიის ბოლო ვერსიის თანახმად, საქველმოქმედო ფონდ „ქართუდან“ ფინანსურ დახმარებას იღებენ მოქალაქეები: მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია (1500 ლარი), ფეხბურთელი და თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი ნემსაძე (1179ლარი ), მუსკომედიის თეატრის სამხატვრო რეჟისორი დავით დოიაშვილი (1200 ლარი) და „თავისუფალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი (1300 ლარი).

ასევე, ჯულიეტა ვაშაყმაძე (1100 ლარი),  ნინო სალუქვაძე (3000 ლარი), მაია ჩიბურდანიძე (3000 ლარი), ვახტანგ ბალავაძე (2500 ლარი),  ოთარ გაბელია (2000 ლარი),  ნონა გაფრინდაშვილი (2000 ლარი),  გიორგი ბურჯანაძე (2000 ლარი),  თამაზ გამყრელიძე (2000 ლარი),  ვლადიმერ გუცაევი (2000 ლარი),  ოთარ კობერიძე (2000 ლარი),  რევაზ ძოძუაშვილი (1000 ლარი),  ბესარიონ ხარანაული (1000 ლარი), და ა.შ.

დახმარების მიმღებთა სიის პირველი ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოში სიის ნამდვილობა დაადასტურეს, თუმცა განაცხადეს, რომ ჟურნალისტებისთვის სია მათ არ გადაუციათ.  ამ საკითხს ივანიშვილის „ქართუ ბანკიც“ გამოეხმაურა  და განაცხადა, რომ პრესაში გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე სია საქართველოს ეროვნულ ბანკს გადაეცა.