თბილისი, 15 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმთა სამინისტრო 2011 წლის 13 ნოემბერს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
„2011 წლის 13 ნოემბერს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო რუსეთის საოკუპაციო ძალებმა და მათ მიერ შექმნილმა რეჟიმმა ფსევდოდემოკრატიული პოლიტიკის კიდევ ერთი ცინიკური აქტი განახორციელეს. კერძოდ, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ჩაატარა ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნები", რომლის შედეგების ლეგიტიმაციისა და ამგვარად მოსახლეობის თითქმის 2/3-ის ეთნიკური ნიშნით გამოდევნის გამართლების მიზნით მოსკოვმა ცხინვალში თავისივე „დამკვირვებლები“ ჩაიყვანა.ოკუპანტებისა და მათი მარიონეტების მიერ ჩადენილმა დანაშაულმა ძირეულად შეცვალა დემოგრაფიული სიტუაცია ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო და იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება წაართვა. დარჩენილი მოსახლეობის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ხოლო საერთაშორისო დამკვირვებლები ვერ შედიან როგორც ამ დარღვევების, ასევე რეგიონის მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციის დასაფიქსირებლად. არსებული რეალობებიდან გამომდინარე, ეს „არჩევნები“ წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების სრულ უგულვებელყოფას და არ შეიძლება იყოს განხილული როგორც ლეგიტიმური.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრს, რათა ადექვატური შეფასება მისცენ საქართველოს ერთ-ერთ ოკუპირებულ რეგიონში – ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი დადგმულ მორიგ ფარსს და განაგრძონ ზეწოლა რუსეთზე, რათა მან შეწყვიტოს პროვოკაციული პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ და დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება“.