სამართალი
თელავში მოსახლეობის შეშით მომარაგების პროექტი ჩავარდა

sheshaთბილისი, 15 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კახეთის ორგანიზაციამ  საქინფორმს აცნობა, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2011 წლის იანვარში გაფორმდა ხელშეკრულება მოქალაქე ნუნუ კუკუნაშვილსა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ნუგზარ ხუცაიძის მიერ, რომელიც ითვალისწინებს გაჭირვებული მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფას.

საკრებულომ ამ სამუშაოს შესასრულებლად გამოყო 37 000 ლარი (600 კუბური მ სათბობი შეშა).

აღნიშნული სამუშაო სრულყოფილად არ შესრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულომ ეს ოჯახები გაჭირვებულად ჩათვალა და შესაბამის სიაშიც შეიყვანა, რამდენიმე ათეულ ოჯახს სათბობი შეშა დღემდე არ მიუღია.

პარტიამ მუნიციპალიტეტის გამგეობას კითხვით მიმართა,  თუ რატომ არ სრულდება აღნიშნული სამუშაო სრულყოფილად, თუმცა დამაჯერებელი პასუხი ვერ მიიღო. გამგეობა სამუშაოს შეუსრულებლობის ერთადერთ მიზეზად ხშირ უამინდობას ასახელებ. პარტიის აზრით, ეს აბსურდული ალიბია, რადგან ხელშეკრულების გაფორმებიდან ათი თვის განმავლობაში ყოველდღიური უამინდობა გამორიცხული იყო.

„ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა თელავის მუნიციპალიტეტში მხოლოდ გამგეობის თანამშრომლებს პრემიის სახით მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიღებული აქვთ 137 000 ლარი, – ამბობს „თავისუფალი საქართველოს“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის  თავმჯდომარე გიორგი მოსიაშვილი და დასძენს, – სამწუხაროა ასეთი მიდგომა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მაშინ, როდესაც არ ავიწყდება არცერთი საკუთარი თანამშრომლისთვის პრემიის გაცემა და იმავდროულად ივიწყებს იმ ამომრჩევლებს, რომლებსაც საარსებო მინიმუმიც კი არ გააჩნიათ.