სამართალი
თბილისის პარკები ხელისუფლების წარმომადგენელთა ბიზნესინტერესებს ეწირება

parkebiთბილისი, 15 ნოემბერი, საქინფორმი. ეკოლოგიური სამართლის ცენტრის მტკიცებით, თბილისში არსებული პარკების ნაწილი თავის ფუნქციას ვეღარ შეინარჩუნებს და შესაძლოა, ისინი ინვესტორების კომერციულ ინტერესებს შეეწირონ. ამის შესახებ ინტერნეტგაზეთი „ბანკები და ფინანსები“ იუწყება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში არსებული პარკები 49-წლიანი მართვის უფლებით კერძო ინვესტორებს გადაეცემათ. ამ ეტაპზე ბიზნესპროექტი 5 პარკზეა მომზადებული. მათგან წითელი ბაღი და მუშთაიდის ბაღი უკვე გადაეცა კომპანია „ჯეო-გოლდს“, რომელიც, ეკოლოგიური სამართლის ცენტრის მტკიცებით, თბილისის საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ალექსანდრე ნიკოლაიშვილს ეკუთვნის. მათივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში აღნიშნულ პარკებში სხვადასხვა ტიპის მშენებლობის დაწყება იგეგმება.  ეკოლოგიური სამართლის ცენტრის მტკიცებით, ბიზნესპროექტი ხუთ პარკზე – წითელ ბაღზე, ვეტერანთა პარკზე, ვარკეთილის გასართობ ცენტრზე, ვაკის პარკსა და მუშთაიდის ბაღზეა მომზადებული. ეკოლოგიური სამართლის ცენტრის იურისტ ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, ხელშეკრულებას, რომელიც თბილისის მერიასა და „ჯეო-გოლდს“ შორის გაფორმდა, გრიფი „საიდუმლო“ ადევს და, შესაბამისად, ეკოლოგიური სამართლის ცენტრს არ ეძლევა საშუალება, კონტრაქტის დეტალებს გაეცნოს.