აქტუალური
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ბათუმში გაიმართება

pase2თბილისი, 15 ნოემბერი, საქინფორმი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მომავალი წლის მაისში ბათუმში გაიმართება, სადაც სხვადასხვა ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიების ჩატარების ტექნიკური საკითხები დღეს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა დავით ჯანიაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან ერთად განიხილა.

„დღევანდელი შეხვედრისას ის ტექნიკური მხარეები განვიხილეთ, რომელიც 2012 წელს დაგეგმილი ღონისძიების ჩატარებას შეუწყობს ხელს. ჩვენი სტუმრები ადგილზე გაეცნობიან არსებულ ინფრასტრუქტურას. საორგანიზაციო საკითხებისთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია“, – განაცხადა დავით ჯანიაშვილმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია  აღნიშნული საკითხების გარდა, საქართველოში არსებული სიტუაციითა და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარებითაც დაინტერესდა.

დავით ჯანიაშვილმა დელეგაციის ხელმძღვანელსა და მის თანხმლებ პირებს დეტალურად გააცნო საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. მოგვიანებით კი საქართველოს ხელისუფლების რეგიონულ პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქიდან ქუთაისში გადატანა ქვეყნის რეგიონულ განვითარებას მნიშვნელოვნად წაადგება, მათ შორის, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ დასაქმების პოლიტიკას.