საზოგადოება
საგანგებო სამსახურების მოკლე სპეციალური ნომრების ცვლილებები

tel-nomrebiთბილისი, 15 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებში ნუმერაციის ეროვნული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, 15 ნოემბრიდან ქვეყნის ფიქსირებული ადგილობრივ და მობილურ სატელეფონო ქსელებში მოქმედი 0X(X) ფორმატის მოკლე ნომრები შეიცვლება 1XX(XXX) ფორმატის მოკლე ნომრებით.

რეფორმის პირველ ეტაპზე მიმდინარე წლის 15 ნოემბერს შეიცვლება ექსტრემალური (საგანგებო) სამსახურების ტელეფონების არსებული მოკლე სპეციალური ნომრები:

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტელეფონების ნომრები – 01 და 011 შეიცვლება ნომრით – 111;

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ტელეფონების ნომრები – 03 და 033 შეიცვლება ნომრით – 113;

გაზის საავარიო სამსახურის ტელეფონის ნომერი – 04 შეიცვლება ნომრით –114;

საპატრულო პოლიციის ტელეფონის ნომერი – 022 შეიცვლება ნომრით – 122;

დაცვის პოლიციის ტელეფონის ნომერი – 025 შეიცვლება ნომრით – 125.

ექსტრემალური (საგანგებო) სამსახურების გამოსაძახებლად ფიქსირებული ადგილობრივი და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ იკრიფება მხოლოდ გამოსაძახებელი სამსახურების მოკლე სპეცნომრები.

შეიცვლება ყველა სხვა ორგანიზაციებისა და სამსახურების ტელეფონების მოკლე ნომრები, რომლებიც „0“-ით ან „8“-ით იწყება, მათი და 1XX(XXX) ფორმატის ნომრების მქონე სხვადასხვა ორგანიზაციისა და სამსახურის გამოძახების წესი შემდეგი იქნება:

თუ გამოსაძახებელი სამსახური ან/და ორგანიზაცია, ფიქსირებული ადგილობრივი და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტები ერთი და იმავე ქალაქის ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არიან, სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ იკრიფება მხოლოდ გამოსაძახებელი სამსახურის მოკლე ნომერი; (მაგალითად: ქ. თბილისიდან ქ.თბილისში მდებარე სოფლის მეურნეობის კორპორაციის ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერზე – 16015 დასარეკად იკრიფება მხოლოდ აღნიშნული ნომერი).

თუ გამოსაძახებელი სამსახური ან/და ორგანიზაცია და ფიქსირებული ადგილობრივი და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტები სხვადასხვა ქალაქის ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობენ, სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ იკრიფება პრეფიქსი „8“, იმ ქალაქის კოდი, სადაც გამოსაძახებელი სამსახური მდებარეობს და გამოსაძახებელი სამსახურის ნომერი (მაგალითად: ქ. ბათუმიდან ქ.თბილისში მდებარე სოფლის მეურნეობის კორპორაციის ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერზე – 16015 დასარეკად იკრიფება პრეფიქსი „8“, თბილისის კოდი – „32“ და ტელეფონის ნომერი – 16015).

გარდამავალ ეტაპზე, მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე, უზრუნველყოფილი იქნება ძველი 0X(X) ფორმატის და ახალი 1XX(XXX) ფორმატის მოკლე ნომრების თანამოქმედება, ხოლო 30 ნოემბრიდან იმოქმედებს მხოლოდ 1XX(XXX) ფორმატის მოკლე ნომრები.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, შეიცვლება ყველა სხვა ორგანიზაციისა და სამსახურის ტელეფონების მოკლე ნომრები, რომლებიც ციფრი „0“-ით ან ციფრი „8“-ით იწყება. მაგალითისთვის, საინფორმაციო საცნობარო სამსახურები „08“ და „09“ გახდება – 118 08 და 118 09.

ასევე, 10 დეკემბრიდან 15 დეკემბრის პერიოდში შეიცვლება პრეფიქსი „8“ ეროვნული პრეფიქსებით „0“ (ქვეყნის შიდა ზარებზე) და საერთაშორისო პრეფიქსით „00“ (საერთაშორისო ზარებზე).

გარდა ამისა, შეიცვლება ოპერატორების არჩევის 8XX (მაგალითად: 8-07, 8-16, 8-10 და ასე შემდეგ, საერათაშორის ოპერატორების კოდები) 10XX ფორმატის პრეფიქსული კოდებით. მაგალითად, საერთაშორისო ოპერატორი 8-07 გახდება 10-07; საერთაშორისო ოპერატორი 8-16 გახდება 10-16; საერთაშორისო ოპერატორი 8-10 გახდება 10-10 და ასე შემდეგ.