თბილისი, 15 ნოემბერი,საქინფორმი. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა.
„აშშ არ ცნობს ამ ე.წ. არჩევნებისა და რუსულ ენასთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმის ლეგიტიმურობას, რომელიც საქართველოს რეგიონში – სამხრეთ ოსეთში გაიმართა. ჩვენ ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, რომელიც საერთაშორისო დონეზეა აღიარებული“, – აღნიშნა ტონერმა.მისივე თქმით, „ამერიკა კვლავ მოუწოდებს რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტის შესრულებისკენ, მათ შორის – საკუთარი ჯარები იმავე პოზიციებზე განათავსოს, როგორც ეს კონფლიქტამდე იყო და უზრუნველყოს ამ ქართულ რეგიონებში – სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ჰუმანიტარული ტვირთის შესვლა“.
ამასთან, აღნიშნული არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ევროკავშირი და ნატო. შესაბამისი განცხადებები საერთაშორისო ორგანიზაციებმა უკვე გაავრცელეს.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2011 წლის 13 ნოემბერს გაიმართა. იმის გამო, რომ 11 კანდიდატიდან ხმათა 50% ვერცერთმა ვერ დააგროვა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნა, რომელიც 27 ნოემბერს გაიმართება.
გარდა ამისა, იმავე დღეს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, რუსულ ენას სამხრეთ ოსეთში სახელმწიფო ენის სტატუსი ექნება.