პოლიტიკა
თბილისი, 15 ნოემბერი,საქინფორმი. როგორც ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განმარტა, საგარეო უწყება უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს რუკას, რომელზეც რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთბრუნვის მონიტორინგის ზუსტი გეოგრაფიული მდებარეობა იქნება აღნიშნული.
„როდესაც დასრულდება ტექნიკურ მხარეებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოაქვეყნებს რუკას, რათა კარგად ჩანდეს, სად განთავსდებიან მონიტორები და სად გაივლება ხაზი“, – განაცხადა კალანდაძემ.მისივე თქმით, საქართველომ რუსეთის მსო-ში გაწევრებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე შეძლო, ქართული მხარის მიერ დათქმულ პირობებზე დაეყოლიებინა მოსკოვი.
„შეთანხმება ითვალისწინებს გეოგრაფიულ აღნიშვნას. საუბარია ფსოუზე, როკზე და ლარსის მონაკვეთზე. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რადგან ხაზი გაესვა, რომ რუსეთი ნაწილობრივ აღიარებს, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.