საზოგადოება
„საქართველოს კარჩაკეტილმა უმდიდრესმა ადამიანმა სააკაშვილის პოლიტიკური სცენარი შეცვალა“

biz17თბილისი, 15 ნოემბერი, საქინფორმი. „საქართველოს კარჩაკეტილმა უმდიდრესმა ადამიანმა სააკაშვილის პოლიტიკური სცენარი შეცვალა“, – ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია რადიო „თავისუფლებამ“.

სტატიის ავტორი რობერტ კოალსონი აღნიშნავს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ დანაწევრებული ოპოზიციის დამარცხებას ადვილად შეძლებდა, მილიარდერი ივანიშვილის გამოჩენამ კი ვითარება შეცვალა.

„2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში  საკმაოდ მზარდი „ნაციონალური მოძრაობა“  ტრიუმფით დაამარცხებდა დანაწევრებულ ოპოზიციას... თუმცა გამოჩნდა მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი“, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში მოყვანილია ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ „მომავალი საპარალამენტო არჩევნები აბსოლუტურად განსხვავებული იქნება და მას სააკაშვილი ვერ გააყალებებს“.

რობერტ კოალსონი წერს, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ,  სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერებისგან სასტიკი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, „თუმცა, სააკაშვილს ივანიშვილი სახელით არ მოუხსენიებია“.

„პირველი, სააკაშვილის ხელისუფლება მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა, როცა მან საჯაროდ განაცხადა, რომ საფრანგეთისა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს... ივანიშვილმა სააკაშვილის ბრძანებულება გაასაჩივრა, თუმცა თუ სასამართლომ ეს არ დააკმაყოფილა, მას არჩევნებში მონაწილეობისა და პოლიტიკური მოძრაობის დაფინანსების უფლება არ ექნება. აგრეთვე, პოლიციამ დააკავა „ქართუ ბანკის“ მანქანა და ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა. ივანიშვილმა კი დაადანაშაულა სახელმწიფო მედიის წარმომადგენლები, რომ ისინი 1 ნოემბერს გამართული პრესკონფერენციის საბოტაჟს გეგმავდნენ“, – ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიაში მოყვანილია საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის – გოკა გაბაშვილის, განცხადებაც. კოალსონს მიაჩნია, რომ გაბაშვილი იყენებს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიას, რათა გააღვივოს აზრი, რომ ივანიშვილი მოსკოვის მარიონეტია. „რუსეთში რამდენიმემილიარდიანი ქონების ფლობა და მართვა კრემლთან პერსონალური კავშირის გარეშე შეუძლებელია“, – ამბობს გაბაშვილი.

სტატიაში საუბარია „ქართუ ბანკში“ სოლიდარობის ნიშნად გახსნილ ანგარიშებზეც და აღნიშნულია, რომ ივანიშვილს 5 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოუცხადა სოლიდარობა. საბოლოოდ კი, სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას შესაშფოთებლად ნამდვილად აქვს მიზეზი.