სამართალი
ბანკი „ქართუდან“ 45 მლნ ლარის დეპოზიტების გადინება მოხდა

banki-qartu2თბილისი, 14 ნოემბერი, საქინფორმი. ბანკი "ქართუს" განცხადებით, ხელისუფლების მიერ წარმოებული უსამართლო პოლიტიკის შედეგად ბანკიდან 45 მლნ ლარის დეპოზიტების გადინება მოხდა. ამასთან დაკავშირებით „ქართუ“ ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ.

„ბანკი „ქართუ“ ისურვებდა, რომ ბოლო დროს მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სამართლიანი სამართლის ინტერესები ედოს საფუძვლად. სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლების უკანონო მოქმედებებს საფუძვლად მხოლოდ პოლიტიკური მიზნები უდევს. ბანკის მესაკუთრის, ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის ახლობლების დაპატიმრებები, ტერორი მის სამშენებლო ობიექტებსა თუ სს „ქართუ ჯგუფის“ სხვა ქონებაზე, საინკასაციო მანქანისა და ბანკის კუთვნილი მსხვილი თანხების დაყაჩაღება „შავი ფულის“ გათეთრების აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებით, გაუგონარი ზეწოლა კლიენტებზე, რის შედეგადაც ბანკიდან დეპოზიტების გადინების საერთო თანხამ თითქმის 45 მლნ ლარი შეადგინა – ეს მხოლოდ ნაწილია იმ უკანონო ქმედებებისა, რაც ხელისუფლებამ უკვე განახორციელა. ყველაფერი დაიწყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ 2011 წლის 7 ოქტომბერს გაკეთებული საჯარო განცხადების შემდგომ, როდესაც მან საქართველოს ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოსვლის სურვილი გამოხატა.

ხელისუფლების წარმომადგენლების უკანონო მოქმედებებს რომ მხოლოდ პოლიტიკური მიზნები უდევს საფუძვლად, კიდევ ერთხელ დაადასტურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ბატონმა პეტრე ცისკარიშვილმა. მან ა.წ. 8 ნოემბერს საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა: „საინტერესოა, რა მოხდება, ასეთი პიროვნება (მხედველობაშია ბიძინა ივანიშვილი), ებრაული წარსულითა და გვარით, დამასკოთი ან ისრაელის სახელმწიფოსთან სხვა დაპირისპირებული დედაქალაქით მართული, ისრაელში რომ ჩასულიყო და პროცესების მართვა მოესურვებინა. რომ მოეთხოვა – მოქალაქეობა უნდა მივიღოო, ბანკებიდან ფული ჩემი საინკასაციო მანქანებით აქეთ-იქით უნდა ვატაროო... ასეთი განცხადებები რომ გაეკეთებინა იერუსალიმსა და თელ-ავივში, მას ვინმე გააჩერებდა? იფუნქციონირებდა პოლიტიკურად? ერთი წამით მაინც დაფიქრდით“.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადება ნათელს ხდის, რომ ბანკი „ქართუს“ კუთვნილი საინკასაციო მანქანა ორ მილიონ აშშ დოლართან და ერთ მილიონ ევროსთან ერთად უკანონოდ არის ხელყოფილი პოლიტიკური და არა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით.

აღნიშნულ კონტექსტში განხილულ უნდა იქნეს მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონიც „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“. ამ კანონით სხვა ცვლილებებთან ერთად, ახალი რედაქციით არის წარმოდგენილი და ა.წ. 7 ნოემბრიდან უკვე მოქმედებაშია შესული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 823-ე მუხლი.

აღნიშნული ცვლილება სერიოზული დარტყმის ქვეშ აყენებს საქართველოს საბანკო სისტემას, ლახავს მისი, ასევე, მთლიანად ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯს, რამდენადაც შექმნილ საკანონმდებლო გარემოში ბანკი, როგორც პირველი რიგის იპოთეკარი, ფაქტობრივად, აღარ წარმოადგენს უზრუნველყოფილ კრედიტორს და თუ იპოთეკის რეგისტრაციის შემდეგ აღმოჩნდება, რომ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის საფუძვლები არსებობდა ბანკის იპოთეკის რეგისტრაციამდე (თუმცა მოგვიანებით გამოვლინდა), მაშინ, პირველ რიგში, დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა და მხოლოდ შემდეგ (თუ რამე დარჩა) – ბანკის მოთხოვნა, რაც უგულებელყოფს საჯარო რეესტრის ჩანაწერების სისწორის პრეზუმფციას და, ფაქტობრივად, უარყოფს იპოთეკის არსსა თუ საყოველთაოდ აღიარებულ ფუნდამენტურ პრინციპებს.

ბანკების მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება, თუ ბანკის კლიენტი ბანკში ჩადებული ქონების, მცირედი თანხის გადახდით, დაბრუნების მიზნით გაურიგდება შემოსავლების სამსახურს და თავად გახდება ე.წ. დარღვევის, ანუ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის საფუძვლების „აღმოჩენაში“ დამხმარე პირი.

რა მოცულობის ვოლუნტარიზმი მოჰყვება ამ ცვლილებებს, ძნელი გასათვლელია, მით უფრო, რომ ჩვენი ბანკის მმართველობის ძველი გუნდის, სავარაუდოდ, გააზრებული პოლიტიკის შედეგად, მსხვილი მსესხებლების მნიშვნელოვანი ნაწილი ხელისუფლების ოდიოზური ფიგურების კონტროლქვეშაა და არ არის გამორიცხული, ერთობლივად დაგეგმილი და ღრმად შენიღბული ახალი პროვოკაციები ვიხილოთ.

ცხადია, ასეთ ვითარებაში საკრედიტო დაწესებულებები ექცევიან არაპროგნოზირებად გარემოში და საბანკო სისტემის მდგრადობის ცნება მეტად მყიფე და საგადასახადო ორგანოების „კეთილ ნებაზე“ დამოკიდებული ხდება, რაც უთუოდ შეუქმნის სერიოზულ პრობლემებს დეპოზიტართა და ბანკების სხვა კრედიტორთა ფულადი სახსრების დაცულობის საიმედოობას, ფაქტობრივად, შეუძლებელს გახდის იპოთეკური საკრედიტო ოპერაციების განხორციელება-გაფართოებას.

სს „ბანკი ქართუს“ ხელმძღვანელობის შეშფოთებას აძლიერებს ის გარემოება, რომ ორიოდე წლის წინ ზუსტად ანალოგიური საკანონმდებლო ინიციატივა დაიბლოკა, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის საბანკო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით; თუმცა დღეს არც საქართველოს ეროვნულ ბანკს, არც საბანკო ასოციაციასა და არცერთ კომერციულ ბანკს მინიმალური პროტესტიც არ გამოუთქვამს აღნიშნულ საკითხზე, რაც უფრო მეტ საფუძველს უქმნის ეჭვს, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა პოლიტიკურადაა მოტივირებული და მხოლოდ სს „ბანკი ქართუს“ სადამსჯელო ოპერაციად იქნება გამოყენებული; მით უმეტეს, რომ ცვლილებები ორგანულად ჯდება ბატონ ბიძინა ივანიშვილისა თუ საქართველოში მისი საკუთრების წინააღმდეგ განხორციელებული მრავალი უკანონო აქტის კონტექსტში.

ჩვენ ვაპირებთ, გავაძლიეროთ მუშაობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. მათ უზარმაზარი ფულადი თუ ინტელექტუალური რესურსი აქვთ ჩადებული საქართველოში ცივილიზებული საბანკო ინსტიტუტების ჩამოყალიბება-განვითარებაში და ხშირ შემთხვევაში თავად არიან ქართული საბანკო დაწესებულებების მნიშვნელოვანი წილის მფლობელები.

სს „ბანკი ქართუ“ გამოთქვამს რა საფუძვლიან შეშფოთებას საქართველოს საბანკო სისტემაში ბოლო პერიოდში, მათ შორის, ზემოთ აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დამოკიდებულებაში შექმნილი ვითარების გამო, მოუწოდებს საქართველოს ეროვნულ ბანკს, საბანკო ასოციაციას, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, პრინციპული შეფასება მისცენ ჩვენი ბანკის ირგვლივ შექმნილ რეალობას, რაც უთუოდ დამღუპველად იმოქმედებს მთლიანად საქართველოს საბანკო სექტორზე და წინ აღუდგნენ ბანკებთან პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორების მცდელობის თითოეულ შემთხვევას“.