სამართალი
თამილა გურაშვილი: „თამაზ თამაზაშვილს სახლი განზრახ დაუწვეს“

daSinebaთბილისი, 14 ნოემბერი, საქინფორმი. „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელ თამილა გურაშვილის მტკიცებით, კახეთის პოლიციის ყოფილ უფროს თამაზ თამაზაშვილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მრჩევლისა და თანაშემწის სიმამრია, სოფელ ლენინოვკაში საცხოვრებელი სახლი განზრახ დაუწვეს. ინფორმაციას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

„მეზობლებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ცეცხლის გაჩენამდე სოფელში რამდენიმე უცხო პირი შენიშნეს. ცეცხლი რომ გაჩნდა, ვიდრე მთელ სახლს მოედებოდა, დარეკეს დედოფლისწყაროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურში, მაგრამ ბრიგადა გამოძახებაზე ერთი საათის დაგვიანებით მივიდა, როცა სოფელი ლენინოვკა სახანძრო სამსახურის ოფისიდან მაქსიმუმ 5 წუთის სავალზეა. დარწმუნებული ვარ, სახლის დაწვით ხელისუფლება ცდილობს, დააშინოს ყველა ის ადამიანი, ვინც ბიძინა ივანიშვილს მხარს უჭერს ან აპირებს მხარდაჭერას“, – განუცხადა თამილა გურაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის – თამაზ თამაზაშვილის, სახლი 11 ნოემბერს დაიწვა. შენობის მეორე სართული მთლიანად განადგურდა, პირველი სართული კი სერიოზულად დაზიანდა.

დაზარალებულის მეზობლების თქმით, დედოფლისწყაროს სახანძრო სამსახურის მანქანები შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან ერთ საათში მივიდნენ.