თბილისი, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილი მზადაა, თავისი რუსული ბიზნესი 2 მლრდ დოლარად გაყიდოს. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ იტყობინება, რომლის ინფორმაციით, ბიზნესმენი მზადაა, პოტენციურ მყიდველს სერიოზული ფასდაკლება გაუკეთოს, რათა შეასრულოს დანაპირები, რაც პოლიტიკაში მოსვლისას პირველსავე განცხადებაში განაცხადა. კერძოდ, რომ მზადაა, უარი თქვას რუსეთის მოქალაქეობაზე და გაყიდოს თავისი რუსული აქტივები.
ექსპერტების შეფასებით, ივანიშვილის მხოლოდ დეველოპერული აქტივები მისი ქონების („ფორბსის“ შეფასებით – 5,5 მლრდ დოლარი) ნახევარს შეადგენს.
ამჟამად ივანიშვილის ბიზნესი, რომელიც საკმაოდ დივერსიფიცირებულია, საინტერესოდ გამოიყურება. ის წარმოდგენილია ისეთ სექტორებში, როგორიცაა: დეველოპმენტი („უნიკორი“), ფინანსები („როსიისკი კრედიტი“), კოლექტიური ინვესტიციების მართვა („ინტერფინ კაპიტალი“, ინტერფინ ტრეიდი“), სოფლის მეურნეობა (კორპორაცია „სტოილენსკაია ნივა“), ფარმაცევტული ბიზნესი („ეკრაფარმი“, მართავს სააფთიაქო ქსელ „დოქტორ სტოლეტოვს“).სავარაუდოდ, ივანიშვილი რუსეთში არსებულ თავის ბიზნესს ეტაპობრივად გაყიდის. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ყველაზე დიდი ინტერესი ინვესტორებში შესაძლოა, სააფთიაქო ქსელმა გამოიწვიოს, რომელსაც მოსკოვის ჩათვლით რუსეთის 11 რეგიონში 422 სავაჭრო პუნქტი აქვს.
ბიძინა ივანიშვილის რუსული ბიზნესის ყველაზე ძვირადღირებულ აქტივს „უნიკორი“ წარმოადგენს, რომელიც ფლობს კომერციული და საცხოვრებელი უძრავი ქონების 7 პროექტს, საერთო ფართით 1 მლნ კვ მ.
კომპანია აშენებს ელიტურ მიკრორაიონს – „სადოვიე კვარტალი“(450 ათასი კვ მ), მიკრორაიონის მშენებლობა ხამოვნიკებში „კაუჩუკის“ ქარხნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ასევე, უახლოეს პერიოდში ჩასაბარებლად მზადდება მრავალფუნქციური კომპლექსი „Summit“, რომელიც ტვერის ქუჩაზე სასტუმრო „მინსკის“ ადგილას აშენდა. აქვე მიმდინარეობს სასტუმრო „ცენტრალნაიას“ რეკონსტრუქციაც.
„Praedium Oncor Int“-ის მმართველი დირექტორის შეფასებით, ივანიშვილის დეველოპერული აქტივები შესაძლოა, აღემატებოდეს 2 მლრდ დოლარს.
იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით ივანიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიის ტოპმენეჯერები არ ადასტურებენ გაყიდვის შესახებ მოლაპარაკებების ფაქტებს, უკვე არსებობს ინფორაცია, რომ მრავალფუნქციური კომპლექსი „Summit“ 550 მლნ დოლარად გაიყიდება.