რელიგია
ილია მეორე: „ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს“

kadageba3თბილისი, 14 ნოემბერი, საქინფორმი. ბიზნესმენ და პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წმიდა 100 000 ქართველი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას გამოეხმაურა.

„წმინდა მამები ამბობენ, ვინც დასძლევს თავის თავს, ის დასძლევს მთელს მსოფლიოს. დღეს ბევრი ლაპარაკია იმაზე, უნდა იყოს თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე. რა თქმა უნდა, უნდა იყოს,  იმიტომ, რომ ის ქართველია. მე ვფიქრობ, ყოველი ქართველი ადამიანი, ის დაბადებულია საქართველოში თუ უცხოეთში, რომელიც სულითა და ხორცით ქართველია, საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. მე ძალიან მაწუხებს, რომ ასეთი უბრალო საკითხია და ასეთი არასასურველი კამათი გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პრეზიდენტი გაითვალისწინებს ამას და მას საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს“,  - ბრძანა პატრიარქმა.