პოლიტიკა
მანანა მანჯგალაძის განმარტება პრეზიდენტის ინტერვიუსთან დაკავშირებით

manana-manjghvaladze123თბილისი, 11 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განმარტება გააკეთა „EurActiv“-ის პოლონეთის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ინტერვიუს თაობაზე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პრემიერმინისტრობასთან დაკავშირებით გაცემულ პასუხთან მიმართებაში.

„გვსურს, განვმარტოთ, რომ ინტერვიუს ეს ნაწილი არასრულია და ზუსტად არ გადმოსცემს იმას, რაზეც პრეზიდენტმა ჟურნალისტთან ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ სად იქნება იგი 2013 წლის შემდეგ, არამედ ის, თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა ორი წლის შემდეგ და როგორ გაგრძელდება ის რეფორმები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. პრეზიდენტი ორიენტირებულია საქართველოს განვითარებასა და იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც ბოლო წლებში დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი თავისი მომავალი – პირადი კარიერის თემაზე კომენტარს არ აკეთებს, ამიტომაც გვსურს, განვმარტოთ, რომ ნებისმიერი სახის საუბარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არის ჩვეულებრივი სპეკულაცია“, – აცხადებს მანანა მანჯგალაძე.

ცნობისთვის: „EurActiv“-ის პოლონეთის ბიუროსთვის მიცემული ინტერვიუს მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტი უინტერესოდ ეჩვენება. მან ჟურნალისტის შეკითხვას – აპირებს თუ არა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერმინისტრობას, უპასუხა: „ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი მნიშვნელოვან ძალაუფლებას ინარჩუნებს და პრემიერ-მინისტრიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მთლიანად პარლამენტზეა დამოკიდებული. არცთუ საინტერესო პოზიციაა იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს პრეზიდენტია“.