პოლიტიკა
სააკაშვილი – რასმუსენს: „ქოლგა თუ არა, ნატოს ქურთუკი მაინც ჩამოგეტანათ, რომ არ გავიყინო!“

saaka-rasmusთბილისი, 11 ნოემბერი, საქინფორმი. “საქართველოს საკითხი ჩიკაგოში გაზაფხულზე დაგეგმილ ნატოს ლიდერების სამიტზე იქნება განხილული, თუმცა როგორ გაკეთდება ეს, ჯერ გადასაწყვეტია“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბათუმში 10 ნოემბერს პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ განვიხილეთ ნატოს მომავალი სამიტი ჩიკაგოში, – განაცხადა მან. – ჯერ არ დაგვისრულებია მომზადება, კიდევ ექვსი თვეა დარჩენილი, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს; ჯერ პროგრამა არ დაგვისრულებია. ასე რომ, არანაირი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“.

„ჩვეულებისამებრ, ნატოს მოკავშირეები საქართველოზე იმსჯელებენ სამიტზე. საქმე ისაა, ეს როგორ მოხდება და ჩვენ ეს დღეს განვიხილეთ. ჩვენ  განვაგრძობთ დიალოგს ჩიკაგოს სამიტამდე. ვიმედოვნებ, ვიხილო ის ენა, ტექსტები ჩიკაგოს სამიტიდან, რომელიც იმ პროგრესს ასახავს, რომელიც ჩვენ საქართველოში განხორციელებულ რეფორმებში ვიხილეთ, იმ პროგრესს, რომელიც ჩვენ ურთიერთობებში დავინახეთ მას შემდეგ, რაც ბოლოს შევხვდით ლისაბონში ერთი წლის წინ“, – განაცხადა რასმუსენმა.

საქართველოს ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ნატოს სამიტი ჩიკაგოში 2012 წლის მაისში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს ალიანსში გაწევრების გზაზე.

პრესკონფერენციაზე სააკაშვილმა ხუმრობით უთხრა ნატოს გენერალურ მდივანს, რომ მას შეეძლო, ქოლგა თუ არა, ნატოს ქურთუკი  მაინც ჩამოეტანა. მან თავისი ჰალსტუხი დაანახა და უთხრა რასმუსენს, რომ ეს ნატოს ჰალსტუხი მას რასმუსენის წინამორბედმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა უსახსოვრა საქართველოში ვიზიტის დროს.

„იმედი მქონდა, რომ ნატოს ქურთუკს მაინც ჩამომიტანდით, რათა სიცივეში ნატოს ქურთუკის გარეშე არ დავრჩენილიყავით; ნატოს ქოლგას [ჯერ] არ ვითხოვთ, მაგრამ ქურთუკი კარგი იქნებოდა“, – მიმართა სააკაშვილმა რასმუსენს.

სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალურ მდივანს მხარდაჭერისთვის და განაცხადა: „ჩვენ მოვისმინეთ ნატოს მიერ ჩვენი რეფორმების შექება, მაგრამ, ასევე, ვიცით, რომ საშინაო დავალება გვაქვს გასაკეთებელი და შემდგომი ცვლილებები განსახორციელებელი“.

ამ პრესკონფერენციით ნატოს გენერალურმა მდივანმა და ელჩებმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოდან საქართველოში თავისი ორდღიანი ვიზიტი დაასრულეს, რომლის დროსაც დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ღია კარის პოლიტიკის მიმართ, გაიმეორა, რომ ვერცერთი მესამე ქვეყანა ვერ დაადებს ვეტოს ნატოს გაფართოებას, მიესალმა საქართველოს რეფორმებს, თუმცა აღნიშნა, რომ სამუშაო კვლავ რჩება, კერძოდ, ხაზი გაუსვა საქართველოში მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაგეგმილი საარჩევნო ციკლის მნიშვნელობას.

ვიზიტის პირველ დღეს თბილისში სტუმრობის შემდეგ დელეგაცია 10 ნოემბერს ბათუმში პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა.

ნატოს ელჩებთან შეხვედრაზე თავის გახსნით სიტყვაში სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრების გზა ადვილი არ არის, მაგრამ ამ „ჩვენს სვლას ვეღარავინ შეაბრუნებს უკან“.

„ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში არასდროს ასე ახლო, ერთი ხელის გაწვდენაზე არ ვყოფილვართ ჩვენ ჩვენს ევროპულ სახლთან, ევროატლანტიკურ სივრცესთან, ამ შემთხვევაში, ჩვენს საუკუნოვან ოცნებასთან, ქართველი ხალხის საუკუნოვან მისწრაფებასთან“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ რთული იყო საუბარი და ოცნებაც კი, რომ ასეთი დონის თანამშრომლობა იქნებოდა ნატოსა და საქართველოს შორის.

„ის, რაც ხდება, თუნდაც, ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ეგრევე 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაიმართა სექტემბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა თბილისში, როგორც ძალიან დიდი სიმბოლური გამოხატულება ევროატლანტიკური სოლიდარობის მებრძოლი ქართველი ერის მიმართ, და სამი წლის განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური საბჭო უკვე მეორედ ჩამოდის თბილისში და მე დღეს მივიღე მოწვევა გენერალური მდივანის, რომ უახლოეს პერიოდში ჩავიდე ბრიუსელში და ისევ ხელახლა დავესწრო ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს – ერთი სიტყვით, ამხელა ინტენსივობის ურთიერთობა უპრეცედენტოა და, რა თქმა უნდა, ძალიან გვახარებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ინტეგრაცია ნატოში, ისევე როგორც ევროპის კავშირში, არის ქართველი ერის ფუნდამენტური არჩევანი“, – განაცხადა მან და 2008 წლის იანვრის პლებისციტი გაიხსენა, რომლის დროსაც აბსოლუტურმა უმრავლესობამ ნატოში გაწევრებას დაუჭირა მხარი.

მისი თქმით, ნატოში საქართველოს მისწრაფებასთან დაკავშირებით ქართველ საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი არსებობს.

„რა თქმა უნდა, როგორც ყველა დემოკრატიაში, ჩვენთანაც არიან ჯგუფები, პარტიები, რომლებიც იძახიან, რომ მათ არ აინტერესებთ ნატო ან ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა, მაგრამ ამ პარტიებს, თუ კარგად დავუკვირდებით, საერთოდ არანაირი პერსპექტივა არ აქვთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„მაგრამ არის ძირითად მოთამაშეებს შორის საერთო პოლიტიკური კონსენსუსი – ეს არ იცვლება არც მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორებით, არც საერთაშორისო ამინდის ცვალებადობით... ეს არის ის, რაც არის ორიენტირი არა მხოლოდ ჩემი მთავრობის, არამედ მთელი ქართველი ერისთვის“.

„რვაწლიანი რადიკალური ტრანსფორმაციის შედეგად ჩვენ, როგორც არასდროს, ისე ვართ ახლოს თქვენს ალიანსთან“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„დღეს მე სიამაყით მოგესალმებით საქართველოში როგორც შემდგარ, დემოკრატიულ, სწრაფად განვითარებად სახელმწიფოში. დღეს მე სიამაყით მოგესალმებით ქვეყანაში, რომელიც ზეწოლის, მუქარის და ოკუპაციის მიუხედავად, მაინც დადგა ფეხზე, იმართება წელში, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით, რომელთაც ზუსტად იციან, რისთვის იბრძვიან ავღანეთში – ეს ჩვენი ერის ასევე ისტორიული ინსტინქტია, რომ იქ ვართ“, – განაცხადა მან.

„და იმედია, რომ ჩვენმა რეფორმებმა, ჩვენმა მზადყოფნამ მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად, ჩვენმა მცდელობამ – სატვირთებელზე მეტი ვიტვირთოთ, საქართველო აქცია ნატოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ გვაქვს გზა დარჩენილი. მე ვიცი, რომ ეს არ არის ადვილი გზა. მაგრამ ამ ჩვენს სვლას ვეღარავინ შეაბრუნებს უკან, ვიმეორებ, ვეღარავინ შეაბრუნებს უკან “, – განაცხადა სააკაშვილმა.

თავის გახსნით სიტყვაში ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა იმ პროგრესის სანახავად, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია და, ასევე, იმ შემდგომი სამუშაოს დასაგეგმად, რომლის განხორციელებაც საჭიროა „ისეთ სფეროებში, როგორიცაა საარჩევნო რეფორმა, კანონის უზენაესობის გაძლიერება, რეფორმების გაღრმავება სასამართლო სისტემის და მედიის მიმართულებით და სამოქალაქო საზოგადოების მეტი ჩართულობა“.

„თქვენ უკვე ბევრს მიაღწიეთ და ახლა ველით, რომ თქვენ დაასრულებთ საჭირო რეფორმებს, ვინაიდან პროგრესის ყოველი დღე საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს ნატოსთან“, – განაცხადა რასმუსენმა.