სამართალი
თბილისი, 11 ნოემბერი,საქინფორმი. თურქული ინტერნეტგამოცემა „Denizhaber.com“-ის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დახმარებას სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფი ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების საკითხში თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს სთხოვს და შესაბამის წერილს უგზავნის.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა დახმარების თხოვნა საბერძნეთის მთავრობასთანაც სცადა, რადგან გემი სწორედ ბერძნულ კომპანიას ეკუთვნოდა, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო. ამიტომაც გადაწყვიტა, ამჯერად დახმარება თურქეთის ხელისუფლებისთვის ეთხოვა.
„Denizhaber.com“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზეც აკეთებს აქცენტს, რომელშიც გრიგოლ ვაშაძე აღნიშნავს, რომ ქართული მხარე მძიმე მდგომარეობაშია და პრობლემის მოგვარება მხოლოდ ქვეყნის გარედან შეიძლება. შეგახსენებთ, რომ სომალელმა მეკობრეებმა ბერძნული გემი, რომელზეც 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური იმყოფებოდა, ადენის ყურეში გასულ წელს გაიტაცეს და გამოსასყიდ თანხად 9 მილიონი დოლარი დაასახელეს. მიმდინარე წლის აგვისტოში ერდოღანის ხელმძღვანელობით თურქეთის სამთავრობო დელეგაცია სომალიში ჩავიდა და დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა. სწორედ მაშინ თურქეთმა მეზღვაურების გათავისუფლებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დაიწყო, რომლის დეტალებიც ჯერჯერობით არ ხმაურდება.