თბილისი, 11 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციისთვის ცნობილი გახდა, რომ სოფელ სამთაწყაროს ტერიტორიული ორგანოს გამგებელი პაატა ნადირაშვილი და სპეციალისტი აკაკი ჭაღალიძე სოციალურ დახმარებას იღებენ.
„სოციალურ სააგენტოში ამ ფაქტთან დაკავშირებით სამსახურის უფროსი ზურაბ ნატროშვილი აღნიშნავს, რომ სამთაწყაროს გამგებელმა რამდენიმე დღის წინათ დაწერა განაცხადი და ქულები ჯერ არ არის ცნობილი, ხოლო სპეციალისტმა აკაკი ჭაღალიძემ 75 000 ქულა მიიღო.როგორც ცნობილია, სამთაწყაროში უამრავი ოჯახია, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, მათ შორის, მრავალშვილიანებიც. ამ ოჯახებს შეუჩერდათ დახმარება. რაიონის ადმინისტრაციამ ისინი მხოლოდ იმისათვის დასაჯა, რომ საკუთარი პროტესტი გამოთქვეს რაიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ეს ხალხი არის უმუშევარი და არ აქვს არსებობისათვის აუცილებელი ელემენტარული საშუალება – მედიკამენტები, სასკოლო სახელმძღვანელოები და ა.შ. ამ ფონზე სამთაწყაროს გამგებელი, რომლის ხელფასიც 400 ლარს შეადგენს, ცდილობს, მიიღოს ის დახმარება, რომელიც სხვებს უკანონოდ წაართვა.
მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დროულად გამოავლინონ და აღკვეთონ მსგავსი არნახული განუკითხაობის შემთხვევები!“ – აღნიშნულია „თავისუფალი საქართველოს“დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილის გზავნილში.