საზოგადოება
„ატსტუპნიკები“ ახალ წელს ქუჩაში აღარ შეხვდებიან

atstupnikebi2თბილისი, 11 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში განსახილველად შევიდა კანონპროექტი, რომლის თანახმად წლების განმავლობაში არსებული ბინათმესაკუთრეებისა და ბინითმოსარგებლეების – „ატსტუპნიკების“ უფლებები თანაბრად იქნება დაცული. აღნიშნული სიახლით გაუქმდება ის შეზღუდვა, რომელიც მხარეებს საკითხის გადაჭრის ბოლო ვადად 2012 წლის 1 იანვარს უწესებდა. მხარეთა უფლებებს „თბილისელების ადვოკატის“ კვალიფიციური იურისტები ქალაქის ყველა უბანში უფასოდ დაიცავენ. მხარეები სასამართლოში გათავისუფლებულნი იქნებიან ბაჟის გადასახდისგან. სიახლე აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით,  საზოგადოებას თბილისის მერმა გიგი უგულავამ,  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიამ, პარლამენტარებმა არჩილ გეგენავამ, ანდრო ალავიძემ  და თბილისის საკრებულოს წევრმა სევდია უგრეხელიძემ გააცნეს.

წლების განმავლობაში, საბჭოთა ეპოქაში,  შეზღუდული იყო კერძო საკუთრების ყიდვა-გაყიდვის უფლება და, შესაბამისად, მესაკუთრესა და მოსარგებლეს („ატსტუპნიკს“) შორის ხშირად ფორმდებოდა „შინაურული ხელშეკრულებები“, რაც არ შეესაბამებოდა მოქმედ სამართლებრივ ნორმებს. აღნიშნული ურთიერთობების დარეგულირების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“. ამ კანონის დახმარებით ბინათმესაკუთრეთა და ბინათმოსარგებლეთა დიდმა ნაწილმა გადაჭრა სადავო საკითხი და მორიგდა, ნაწილმა კი მიმართა სასამართლოს. ზემოთ ხსენებული კანონის მოქმედების ვადა ჯერ  2010 წლის 1 იანვრამდე განისაზღვრა, შემდეგ კი პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე ვადა გაგრძელდა და გადაიწია 2012 წლის 1 იანვრამდე.

რაკი აღნიშნული პრობლემა თბილისელებისთვის დღემდე აქტუალურია, თბილისის მერიის ინიციატივით, მომზადდა კანონპროექტი  და ის საქართველოს პარლამენტს წარედგინება განსახილველად. ცვლილების თანახმად,  თანაბრად იქნება დაცული ორივე მხარის უფლებები, საერთოდ გაუქმდება დავის გადაჭრის ვადა და მოსარგებლეს („ატსტუპნიკს“) შესაძლებლობა მიეცემა, იცხოვროს სახლში მანამ, სანამ  ფართის საკუთრების საკითხი რომელიმე მხარის სასარგებლოდ არ გადაწყდება. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარის ფაქტობრივი მისამართი ვერ დადგინდება, დაინტერესებულ მხარეს უფლება მიეცემა, მიმართოს სასამართლოს, რომელიც საჯაროდ გაავრცელებს აღნიშნულ ინფორმაციას. სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელი იქნება, განისაზღვროს მესაკუთრის ან მოსარგებლის მიერ გადასახდელი თანხის ზუსტი ოდენობა და განხორციელდეს ბინის საკუთრებაში რეგისტრაცია. მხარე, რომელიც სასამართლოს მიმართავს, მოახდენს მის მიერ გადასახდელი თანხის დეპონირებას და შეძლებს, საჯარო რეესტრში თავის საკუთრებად დაარეგისტრიროს აღნიშნული ფართი; მეორე მხარე კი სრულად მიიღებს დეპონირებულ თანხას.

თბილისის მერია შესაძლებლობას აძლევს როგორც ბინათმესაკუთრეებს, ისე ბინათმოსარგებლეებს, ისარგებლონ „თბილისელების ადვოკატის“ უფასო იურიდიული კონსულტაციით, სწორად შეადგინონ სარჩელი და დავის გადასაჭრელად სასამართლოს მიმართონ. კვალიფიციური სამართლებრივი დახმარების უფასო სერვისს მესაკუთრეები და მოსარგებლეები ქალაქის ყველა რაიონულ მუნიციპალიტეტში მიიღებენ.