პოლიტიკა
WTO: რუსეთის გაწევრების თარიღი დღეს გაირკვევა

Russia-WTOთბილისი, 10 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ ქართულ ტელეკომპანიებს განუცხადა, თბილისმა და მოსკოვმა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმების გაფორმება სააგენტო „ინტერფაქსს“დაუდასტურა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე მაქსიმ მედვედკომ.

მისი თქმით, მხარეებს შორის დოკუმენტების პაკეტი გაფორმდა. „პირველი დოკუმენტი არის ორმხრივი შეთანხმება საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სავაჭრო ბრუნვის მონიტორინგის შესახებ. შეთანხმება საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვაზე საერთაშორისო მონიტორინგს ითვალისწინებს. აქ იგულისხმება პირველ რიგში ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი“, – განაცხადა კაპანაძემ. მეორე შეთანხმებით განისაზღვრა, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი კომპანია ანგარიშვალდებული შვეიცარიის წინაშე იქნება. მხარეებს შორის გაფორმებული მესამე შეთანხმება კი გულისხმობს ნოტების გაცვლას მონიტორინგის განმახორციელებელი კომპანიის მოქმედების პირობებთან დაკავშირებით.

„რუსეთის და საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ უფლება, იყვნენ მონიტორები. მონიტორებს ექნებათ თავისუფალი გადაადგილების უფლება და სხვა. ამით ორმხრივი მოლაპარაკებები დასრულდა. მოხარულები ვართ, რომ რუსეთის ფედერაციამ მოახერხა ყოყმანისა და ფიქრის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება და დათანხმება. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან პირველად ხდება საერთაშორისო მონიტორინგის დაწესება იმ ტვირთბრუნვაზე, რომელიც არის საქართველოსა და რუსეთს შორის“, – განმარტა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

საქართველო მსო-თან დაკავშირებით შვეიცარიის კომპრომისულ წინადადებას ოქტომბრის დასაწყისში დათანხმდა. მოგვიანებით თანხმობა რუსეთმაც განაცხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ როგორი ფორმულირებით იქნება აღნიშნული დოკუმენტში საზღვარი, სადაც უცხოელი მონიტორები უნდა განთავსდნენ  – „საქართველო-რუსეთის“, „რუსეთ-აფხაზეთის“ თუ „რუსეთ-სამხრეთ ოსეთის“, განმარტა, რომ მსგავსი ფორმულირება დოკუმენტში არ ჩაიდება, მაგრამ მოხდება  სამივე სავაჭრო დერეფნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობების განსაზღვრა. კერძოდ, შეიქმნება სამი სავაჭრო დერეფანი – ფსოუ-ზუგდიდის, როკი-გორისა და ლარსის, რომლებზეც ტვირთბრუნვას შვეიცარიული მხარის მიერ შერჩეული კერძო აუდიტორული კომპანიები გააკონტროლებენ.

საქართველომ და რუსეთმა რუსეთის მსო-ში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები 2011 წლის მარტში დაიწყეს.

ჟენევაში მსო-ს შტაბ-ბინის პრესსამსახურის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთის მსო-ში შესვლის შესახებ მიღებული იქნება მსო-ს გენერალური საბჭოს სესიაზე, რომელიც 15-17 დეკემბერს გაიმართება. როგორც „ბი-ბი-სი“ აღნიშნავს,  საჭიროა, აგრეთვე, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თანხმობა, რომლის შემდეგაც 30 დღის გასვლის შემდეგ რუსეთი შეიძლება გახდეს ამ ორგანიზაციის წევრი. და დამთავრდება ეს ერთ-ნახევარ ათეულ წელზე მეტ ხანს გაჭიანურებული ეპოპეა.