სამართალი
პოლიციელის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

mosamartle3ზუგდიდი, 10 ნოემბერი, საქინფორმი. ზედაეწერის პოლიციის ყოფილ უფროს ლაშა ექონიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თავისუფლების 9 წლითა და ერთი თვით აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო პროცესზე, რომელიც 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდა, არაერთი მოწმე დაიკითხა, წარმოდგენილ იქნა პოლიციელის გამამტყუნებელი მასალები.

სასამართლომ ყოფილი პოლიციელი ლაშა ექონია დამნაშავედ ეჭვიანობის ნიადაგზე მოქალაქე ალექსანდრე სართანიას ჯგუფურად ცემასა და მის სიკვდილის პირამდე მიყვანაში დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით ლაშა ექონია სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე 1 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, და „ე“ ქვეპუნქტებით მოიხდის. აღნიშნული დანაშაული 9-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროცესი დასრულდა, თუმცა სასამართლოს არ დაუკითხავს ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის დროს ლაშა ექონიას თანმხლები ორი პოლიციელი. მათი ვინაობა გამოძიებისთვის უცნობია.  დაზარალებულ ალექსანდრე სართანიას ოჯახი მათ დასჯასაც ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ექონიამ მიმდინარე წლის 25 ივნისს ეჭვიანობის ნიადაგზე მოქალაქე ალექსანდრე სართანია 09:00 საათზე მანქანით სახლიდან გაიყვანა, გზად ორი პოლიციელი ჩაისვა და ზედაეწერის ტყეში მოქალაქეს სასიკვდილოდ სცემა. პოლიციელებმა ნაცემი სართანია მანქანის საბარგულში ჩატენეს და კოლხიდის ტყეში ცოცხალ-მკვდარი დააგდეს.

ლაშა ექონიამ სასამართლოს განუცხადა, რომ ის წაყენებულ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ყოფილი პოლიციელის მხარე ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში  აპირებს.