სამართალი
ზუგდიდი, 10 ნოემბერი, საქინფორმი. ზუგდიდის საკრებულოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან შსს სამხარეო სამმართველო დამატებით 55 100 ლარით დაფინანსდება. 10 ათასი ლარი დაემატება კონსტიტუციური უსაფრთხოების ზუგდიდის განყოფილების დაფინანსებასაც.
შსს-ის ადგილობრივი ორგანოებისთვის ზუგდიდის ადგილობრივმა მთავრობამ ფულის გამოყოფა ბიუჯეტის სხვა მუხლებისთვის გამოკლებული თანხებით მოახერხა. და ეს მაშინ, როცა შსს-ის სამხარეო სამმართველოსაც და კუდ-საც თანხები ცენტრალური ბიუჯეტიდან ერიცხებათ.შსს-ის ადგილობრივ ორგანოებს 11 ათასი ლარით დაფინანსება გაუზარდა ჩხოროწყუს საკრებულომაც. თანხამ კი მიმდინარე წელს ერთიანობაში 240 ათას ლარს გადააჭარბა. ზუგდიდის მსგავსად, ჩხოროწყუშიც შსს-ს ორგანოების დაფინანსება სპეციალურად გამოთავისუფლებული თანხებით მოხერხდა.
ამდენად, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად ადგილობრივი მთავრობა ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელებისთვის გამოყოფილ თანხებს ამცირებს. არადა, კანონის შესაბამისად, პრიორიტეტი ადგილობრივმა თვითმმართველობამ არა დელეგირებულ, არამედ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას უნდა მიანიჭოს. მით უმეტეს, მაშინ, როცა მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის პრობლემები ისევ არსებობს.