სამართალი
თბილისი, 10 ნოემბერი, საქინფორმი. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში, წინასწარი ინფორმაციით, უმეტეს ობიექტებზე მსხვილმა ფინანსური ჯგუფმა „ნუგეშმა“ გაიმარჯვა. ამ ქსელის არსებობას მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატისა და რესტორნების უმსხვილესი ქსელის „ემ ჯგუფის“ მეწილე არჩილ გეგენავას სახელს უკავშირებენ.
„ნუგეშის“ მომსახურება გათვლილია პენსიონერებზე, დევნილებზე, მრავალშვილიან ოჯახებსა და იმ სოციალურად დაუცველ პირებზე, რომლებიც სახელმწიფო დახმარების პროგრამაში არიან ჩართულნი, და იქ ფასები, სხვა მაღაზიებთან შედარებით, 10-20%-ით ნაკლებია. კომპანიის ვარაუდით, ობიექტებს 1 მილიონამდე პოტენციური მომხმარებელი ეყოლება.საკრებულოს ოპოზიციური წევრების განცხადებით, ყველაზე თვალშისაცემი ისაა, რომ „ნუგეშმა“ მოიგო თანხებით, რომელიც მცირე ბიზნესისთვის წარმოუდგენელია – მათ 22 ათასი ლარი გადაიხადეს.
შეგახსენებთ: თბილისის მერია წლის ბოლომდე ქალაქში ათასამდე განახლებული ჯიხურის ჩადგმას აპირებს. ამისთვის 6 აუქციონია ჩანიშნული. ჯიხურის ჩასადგმელი მიწის ფასი ათასი ლარიდან იწყება. მიწა 5-წლიანი იჯარით გაიცემა. რამდენიმე დღის წინათ, აუქციონის ჩატარებამდე, ბულაჩაურის და იოსებიძის ქუჩების გადაკვეთაზე სწორედ იმ დიზაინით დამზადებული ჯიხური გაჩნდა, როგორიც მერიის ვებგვერდზეა განთავსებული. თბილისის მერიამ მაშინ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ტექნიკური უზუსტობა მოხდა.