საზოგადოება
გოროზიამ „სარაჯიშვილი“ გააფრთხილა - No Russian Market!

sarajisviliiთბილისი, 9 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით რუსეთის მთავარ სანიტარ გენადი ონიშჩენკოსთან მოლაპარაკებები თავის დროზე სერიოზულ ფაზაში შევიდა და გარკვეულ შედეგამდეც მივედით – ღვინის მწარმოებელმა რამდენიმე კომპანიამ რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად შესაბამისი დოკუმენტების მომზადებაც დაიწყო. მათ შორის ერთ-ერთი პირველი კომპანია „სარაჯიშვილი“ იყო, რომელმაც „როსპოტრებნადზორს“ შესაბამისი თხოვნითაც მიმართა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, „სარაჯიშვილმა“ რუსულ ბაზარზე დაბრუნება „გადაიფიქრა“.

კომპანიაში განმარტავენ, რომ, „იმ შემთხვევაში, თუ საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობები არ დარეგულირდება, „სარაჯიშვილი“ რუსეთის ბაზარზე ცალკე არ დაბრუნდება“. მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიზეზი კი კომპანიის ხელმძღვანელობამ არცთუ დამაჯერებლად ახსნა: „საუბარი იყო იმაზე, თითქოს ბაზარი საერთოდ იხსნებოდა და ჩვენც ასე გვეგონა, მაგრამ სანამ ბაზარი ყველასთვის არ გაიხსნება, რუსულ ბაზარზე არც ჩვენ დავბრუნდებით“...

ერთი შეხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთი კონკრეტული კომპანიის პოზიციაა, თუმცა საქინფორმისთვის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გახდა ცნობილი, რომელიც „სარაჯიშვილის“ პოზიციის თავისუფლების საკითხს ეჭვქვეშ აყენებს. საუბარია  „სარაჯიშვილის“ ქარხანაში სოფლის მეურნეობის ახლად დანიშნული მინისტრ ზაზა გოროზიას ორი დღის წინანდელ სტუმრობაზე. როგორც ცნობილია, მინისტრი გოროზია გუბერნატორობის პერიოდშიც საკმაოდ სკანდალური ფიგურა იყო და როგორც ამბობენ, მის კისერზე ბევრი დანაშაულია. როგორც ჩანს, საკუთარი „სიძლიერის“ დემონსტრირება გოროზიამ ამჯერად მინისტრის რანგში გადაწყვიტა და დარტყმის პირველი ობიექტი სწორედ „სარაჯიშვილი“ აღმოჩნდა. ყველასთვის ცნობილია, რომ ხელისუფლებას რუსული ბაზარი სძულს და ბუნებრივია, იმ მეღვინეებს არ გაახარებს, რომელთაც ამ დიდ ბაზარზე დაბრუნება სურთ.

საქმე ისაა, რომ მინისტრ გოროზიასა და „სარაჯიშვილის“ ხელმძღვანელობას შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა სწორედ რუსული ბაზარი იყო. როგორც საქინფორმს კომპანიიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, გოროზიამ „სარაჯიშვილის“ ხელმძღვანელობა მკაცრად გააფრთხილა, უარი ეთქვა რუსულ ბაზარზე დაბრუნებაზე და შესაბამისი პროცედურაც შეეწყვიტა. „სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა მოგეხსენებათ, რას შეიძლება ველოდოთ ხელისუფლების მხრიდან, თუ მათ მოთხოვნას არ დავაკმაყოფილებთ. ჩვენი ხელმძღვანელობაც ასე მოიქცა, რადგან დღეს ბიზმნესის კეთება და  შენარჩუნება ამ ხელისუფლების კეთილგანწყობის გარეშე ძნელია“, – აცხადებს წყარო.

გარდა ამისა, „სარაჯიშვილში“ განმარტავენ, რომ „გოროზიასთან შეხვედრაზე საუბარი ახალი ბაზრების ათვისებას შეეხო და რუსულ ბაზარზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა“, თუმცა, ჩვენი წყაროს ინფორმაციას სიზუსტეს, ალბათ, ეს განმარტებაც ჰმატებს.