თბილისი, 9 ნოემბერი, საქინფორმი. პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის სპეციალური სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს, რაც მათ საქართველოში გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობის უფლებას მისცემს.
ასეთი სტატუსი და შესაბამისი მოწმობა, კანონპროექტის მიხედვით, შეიძლება მიიღონ ორი კატეგორიის პირებმა – მათ, ვინც საქართველოს მოქალაქეები არიან და ხანგრძლივად ცხოვრობენ სხვა სახელმწიფოში; და უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომელთაც აქვთ წარმომავლობა საქართველოდან ანდა მისი მშობლიური ენა მიეკუთვნებოდა ქართულ-კავკასიურ ენათა ოჯახს.
კანონპროექტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა 20 წლამდე პირებზე გაიცემა 3 წლის ვადით, 20-დან 65 წლამდე პირებზე – 10 წლის ვადით, ხოლო 65 წლის ზევით – უვადოდ.სპეციალური შეღავათები, რომლითაც ამ სტატუსის მატარებლები ისარგებლებენ, უკავშირდება საქართველოში 30 დღით უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლებას; სპორტულ შეჯიბრებებში საქართველოს სახელით ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში შესაძლო მონაწილეობას; სახელმწიფოს დაფინანსებით საქართველოში ზოგადი და უმაღლესი განათლების მიღებას და სამოქალაქო რეესტრის მომსახურების შეღავათიანი პირობებით სარგებლობას. ამას გარდა, ეს პირები ისარგებლებენ ყველა იმ უფლებითა და თავისუფლებით, რაც საქართველოში მყოფ უცხოელებზე კანონმდებლობით ვრცელდება.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ პარლამენტის სხდომაზე კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ ამ საკანონმდებლო აქტის მიღებას უფრო „მორალური“ დატვირთვა აქვს, ვინაიდან იგი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების „იურიდიულ ბმას“ საქართველოსთან.
„[2012 წლის] მარტში, როცა ეს კანონი შევა ძალაში, ვფიქრობ, რომ ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე ისარგებლებს ამ აქტით“, – განაცხადა მან.
ეს საკანონმდებლო რეგულაციები, მიღების შემთხვევაში, გავრცელდება საქართველოდან გადასახლებულ ქართველებზე, მათ შორის, მათზე, ვინც ირანის ფერეიდნის პროვინციაში ცხოვრობს, ასევე, მაგალითად, თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებზე, თუმცა კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო ამ პოლიტიკის გატარებისას „სხვა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩაურევლობის“ პრინციპს ეყრდნობა.