თბილისი, 10 ნოემბერი, საქინფორმი. 7 ნოემბერს „ქორთიარდ მარიოტში“ ბიძინა ივანიშვილისა და საზოგადოებრივი სექტორის შეხვედრა გაიმართა.
ბიზნესმენი შეხვდა არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლებს. შეხვედრას ასამდე ორგანიზაცია ესწრებოდა. მათ შორის იყო საქინფორმის კორესპონდენტი ბაია ამაშუკელი, რომელიც, ამავე დროს, თავმჯდომარეა საზოგადოებრივი მოძრაობისა „საქართველოს გადარჩენისთვის“.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამ ადამიანთან პროვოკაციული შეკითხვებისა და „ყურში კარნახის“ გარეშეც შესაძლებელია საუბარი და მისგან სასურველი პასუხი მიღება! ივანიშვილის 2011 წლის 1 ნოემბრის პრესკონფერენციის ჩაშლის მცდელობით და ვითომდა სკანდალური შეკითხვების დასმით ხელისუფლებამ მიზანს მაინც ვერ მიაღწია – ქართველი საზოგადოება შეცდომაში ვერ შეიყვანა. ინტერესი ბიძინა ივანიშვილის პერსონისადმი კიდევ უფრო გაიზარდა. ივანიშვილის საზოგადოებასთან შეხვედრა მაინც შედგა და ეს შეხვედრა საკმაო ნაყოფიერი, კონსტრუქციული და, ხელისუფლების თავგასულობის ფონზე, საზოგადოებისთვის იმედისმომცემი აღმოჩნდა. ჯერჯერობით ანგარიში ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდაა – 2:0.შეხვედრის დაწყებიდან ათი წუთის შემდეგ, მოწვეულ ორგანიზაციებთან უშუალო საუბრის მიზნით, სხდომის წამყვანმა პრესის წარმომადგენლებს შეხვედრის დარბაზის დატოვება სთხოვა. ივანიშვილის ბიზნესცენტრში სამთავრობო ტელევიზიების მიერ პრესკონფერენციის ჩაშლის მცდელობის გამო, საზოგადოებრივ სექტორს ბიძინა ივანიშვილთან ბევრი დაუსმელი და პასუხგაუცემელი შეკითხვა დარჩა. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ შეხვედრაც, ძირითადად, ორგანიზაციების წარდგენისა და შეკითხვების ფორმატში წარიმართა. დაისვა და წინ წამოიწია საზოგადოებისთვის ბევრი საჭირბოროტო საკითხი, რაზეც, პრესკონფერენციისგან განსხვავებით, საგრძნობლად მშვიდ გარემოში ბიზნესმენმა საკმაოდ ამომწურავი და არგუმენტირებული პასუხები გასცა.
შეხვედრაზე კითხვები დასვეს არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებმა: ზაზა სიხარულიძემ, მარიამ ცაცანაშვილმა, ბაია ამაშუკელმა, კახა სოფრომაძემ, უჩა ნანუაშვილმა, ვახტანგ ზარქუამ, ნანა კაკაბაძემ, თემურ ნანეიშვილმა, მამუკა არეშიძემ, ლია მუხაშავრიამ, ზაალ ანჯაფარიძემ, იური ვაზაგაშვილმა, ქეთი ხუციშვილმა, ნუკრი ქანთარიამ, მანანა კობახიძემ, თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხიდაშელმა, ნინო ციხისთავმა, ალექსანდრე ლომოურმა, კახა კახიშვილმა, გელა ნიკოლაიშვილმა.
გამოიკვეთა საზოგადოებრივი სექტორის ერთობლივად თანამშრომლობისა და არჩევნების გზით არსებული ხელისუფლების შეცვლის მზაობა. დაისვა შეკითხვები სოფლის მეურნეობის, განათლების სფეროს , აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონის, ერთ პიროვნებაზე მორგებული კონსტიტუციის, არათავისუფალი სასამართლო სისტემისა და კონტროლირებადი მედიის თაობაზე.
პოლიტიკაში სულ ახლახან გამოჩენილი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ყველა შეკითხვას ყურადღებით ისმენდა და მათ შორის მნიშვნელოვანს – ინიშნავდა. წარმოდგენილი ორგანიზაციების სიმრავლის გამო, მათთვის საინტერესო შეკითხვების დასმის შესაძლებლობა, რასაკვირველია, ყველას ვერ მიეცა, თუმცა ღონისძიების ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას აღუთქვეს, რომ მსგავსი შეხვედრები კვლავაც გაიმართება და საზოგადოებრივი სექტორის ყველა წარმომადგენელს გაეცემა პასუხი მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე.
მიუხედავად ამისა, შეხვედრის დასრულების შემდეგ მოწვეული ორგანიზაციების წარმომადგენლებს დარბაზი არ დაუტოვებიათ და მათ ბიძინა ივანიშვილთან პირადად გასაუბრებისა და კერძო შეკითხვების დასმის შესაძლებლობა მაინც მიეცათ. ფოიეში მომლოდინე მედიის წარმომადგენლების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილმა დიდი გულისყურით მოუსმინა თითოეული შეკითხვის დამსმელს. საზოგადოების წარმომადგენლებთან მისი საუბრისთვის არც დაცვას და არც შეხვედრის ორგანიზატორებს შეუშლიათ ხელი. ამით ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკოსების „ხალხისგან დაცვის კორდონით გამიჯვნის“ სტერეოტიპის დანგრევაც მოახერხა და მოწვეულ საზოგადოებაზე, მიუხედავად დიდი სიმდიდრის ფლობისა, თავმდაბალი და უშუალო პიროვნების შთაბეჭდილება დატოვა.