პოლიტიკა
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის XIV ყრილობა

resp-partiaთბილისი, 9 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს თბილისში  საქართველოს რესპუბლიკური პარტიის (სრპ) რიგით XIV ყრილობა იმართება, რომლის დელეგატები პარტიის ახალ მმართველ გუნდს აირჩევენ.

როგორც პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, ყრილობის დელეგატები ფარული კენჭისყრით 35-კაციან ახალ ეროვნულ კომიტეტსა და 5-კაციან სარევიზიო კომისიას აირჩევენ.

„სპეციალურად ამ ყრილობისთვის ახალი კომპიუტერული პროგრამა შეიქმნა, რომლის საშუალებითაც ქართულ პოლიტიკაში პირველად ელექტრონული არჩევნები ჩატარდება. ყრილობას წინასწარ რეგისტრირებული 832 დელეგატი დაესწრება როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან. 35-კაციან ეროვნულ კომიტეტში მოსახვედრად – 61 კანდიდატი, ხოლო 5-კაციან სარევიზიო კომისიაში მოსახვედრად 10 იყრის კენჭს“, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ეროვნულ კომიტეტში მოსახვედრად კენჭს თავადაც იყრის, ხოლო კომიტეტის არჩევიდან უახლოეს მომავალში მისი წევრებიდან, ასევე, კენჭისყრით, ერთ-ერთი გახდება პარტიის თავმჯდომარე.

გარდა ამისა, პარტიის ყრილობაზე დავით უსუფაშვილი და სარევიზიო კომისიის წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას ორი წლის საქმიანობის ანგარიშს გააცნობენ და პარტიის პოლიტიკურ-სტრატეგიულ მიმართულებას განსაზღვრავენ.

ცნობისთვის, რესპუბლიკური პარტიის ყრილობა ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მას საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებიდან მოწვეული სტუმრებიც ესწრებიან.

რესპუბლიკური პარტიის ყრილობა ტარდება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“.