პოლიტიკა
WTO: საქართველო-რუსეთს შორის ხელშეკრულება ფორმდება

jenevaaთბილისი, 9 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის მსო-ს საკითხზე ხელშეკრულება გაფორმდება. რუსეთის მსო-ში გაწევრების სამუშაო ჯგუფის კონსულტაციების არაფორმალური რაუნდი დასრულდა.

სამუშაო ჯგუფს ქართულმა მხარემ გააცნო ინფორმაცია, რომ მოსკოვთან მიღწეულია შეთანხმება საბაჟოს ადმინისტრირებისა და სავაჭრო მონიტორინგის შესახებ.

შეთანხმება სავაჭრო ტვირთების ადმინისტრირების საკითხს გულისხმობს. ქართული მხარის პოზიცია წარმოადგენდა შვეიცარიული მხარის წინადადების დათანხმებას, რომელიც როკსა და ფსოუზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას ითვალისწინებს.

„ეს დოკუმენტი არის სტატუს-ნეიტრალური. მონიტორინგი იქნება სავაჭრო დერეფნების შესასვლელსა და გასასვლელში. სავაჭრო დერეფნები განსაზღვრულია გეოგრაფიული კოორდინატებით. ანუ საზღვარი და ისეთი ტერმინოლოგია, რომელიც პოლიტიკურადაა დამუხტული, გამოყენებული არ არის. განსაზღვრული არის სავაჭრო კორიდორები, რომელიც განისაზღვრება გეოგრაფიული კოორდინატებით“, – განუცხადა ჟურნალისტებს კაპანაძემ.

შეთანხმების თანახმად, საერთაშორისო დამკვირვებლები კერძო კომპანიიდან სავაჭრო დერეფნების თავსა და ბოლოში განთავსდებიან და მონიტორინგს გაუწევენ – „რა შედის და რა გამოდის ამ დერეფნებში“. ეს დამკვირვებლები არ განთავსდებიან დერეფნების შიგნით, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ განთავსდებიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის შიგნით. წინადადება, ასევე, ითვალისწინებს მესამე სავაჭრო დერეფნის ამოქმედებას ზემო ლარსი-ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის მონაკვეთზე მდებარეობს.

მხარეებმა, ასევე, შეათანხმეს რუსეთის გაწევრების თაობაზე სამუშაო ჯგუფის ანგარიშის ტექსტი, რომელიც საქართველოს წინაშე მის მსო-თან დაკავშირებულ ვალდებულებებს ეხება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის დელეგაციებმა ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე რუსეთის მსო-ში გაწევრების პროექტთან დაკავშირებით ორმხრივ შეთანხმებას მიაღწიეს.

მსო-ს ახალ წევრთან დაკავშირებული მოლაპარაკებები სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმართება. ეს ჯგუფი იმ ქვეყნებს აერთიანებს, რომელთაც კანდიდატ ქვეყანასთან მოუგვარებელი სავაჭრო საკითხები აქვთ.