სამართალი
„თეთრების“ ინტერაქტიური გამოკითხვა იმპიჩმენტთან დაკავშირებით

impiCmenti2თბილისი, 8 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ახალი პოლიტიკური ძალა  „თეთრი მოძრაობის“ პრესსამსახური ატყობინებს საქინფორმს, „თეთრების“  ვებგვერდზე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს ინტერაქტიური გამოკითხვა პრეზიდენტ სააკაშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.

„დღეისათვის 6250-ზე მეტმა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა გამოკითხვაში. 82,5% , ანუ 5 156 მხარს უჭერს სააკაშვილის იმპიჩმენტს, 14,3%, ანუ 895 რესპონდენტი წინააღმდეგია, ხოლო 4% -ს ჯერ არ გადაუწყვეტია.

ხაზგასასმელია ერთი გარემოება, რომ მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, თითქმის 10%-ით გაიზარდა იმპიჩმენტის მომხრეთა რაოდენობა სატელეფონო და ქუჩაში გამოკითხულთა შორის. სატელეფონო გამოკითხვის დროს იმპიჩმენტის მომხრეთა რაოდენობა შეადგენს 90%-ს (წინააღმდეგი მხოლოდ 2%-ია), ქუჩაში გამოკითხულთა რაოდენობა კი 95%-ზე მეტია (წინააღმდეგი თითქმის არ არის, 4-5% თავს არიდებს პასუხს ).

აშკარაა, რომ ბოლო პერიოდის პოლიტიკურ  მოვლენებს მოჰყვა ადამიანებში შიშის  დაძლევა.

„თეთრების“ დამფუძნებელთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 23 ნოემბერს, ორი წლისთავზე, ხელისუფლებისათვის „ღირსების ულტიმატუმის“   წარდგენიდან, მოხდება შესრულების გაანალიზება საჯაროდ და  25 ნოემბერს, ეროვნული კრების მიერ პრეზიდენტისათვის გამოცხადებული იმპიჩმენტის (უნდობლობის) წლისთავზე, დასრულდება ინტერნეტგამოკითხვა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით და გამოცხადდება შედეგები.

ცნობისათვის: „თეთრების“ მიერ პრეზიდენტ სააკაშვილისათვის 2009 წლის 23 ნოემბერს (ე.წ. ვარდების რევოლუციის 6 წლისთავზე ) გადაცემული „ღირსების ულტიმატუმში“ ხაზგასმით იყო მინიშნებული, რომ, თუ ხელისუფლება არ შეასრულებდა მასში ჩამოყალიბებულ  სასიცოცხლო მნიშვნელობის მოთხოვნებს, საზოგადოებას ექნებოდა ყოველგვარი უფლება, ხელისუფლებისათვის  წაეყენებინა „კონსტიტუციური ულტიმატუმი“, გამოეცხადებინა უნდობლობა.

„თეთრების“ დამფუძნებელთა საბჭო ამ ინფორმაციას სპეციალურად ავრცელებს 7 ნოემბერს, სწორედ იმ დღეს, როდესაც 2007 წელს ხელისუფლებამ საკუთარი ხალხი დაარბია და საკუთარ ხალხს ესროლა. როგორც არაერთი უცხოელი ექსპერტი ამბობს, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში მარტო ამისათვის გამოუცხადებდნენ პრეზიდენტსა და მის პოლიტიკურ გუნდს უნდობლობას. ეს გააკეთა კიდეც ხალხმა, მაგრამ სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“ არჩევნების გაყალბებით მოახდინეს ხელისუფლების უზურპაცია და იმის შიშით, რომ ერთი წლისთავზე ხალხის მასობრივი გამოსვლები იქნებოდა, სამხედრო ავანტიურით დაასწრო  და 2008 წლის 8 აგვისტოს უკვე საკუთარი ტერიტორია დაბომბა, ქვეყანაში პოლიციური რეჟიმი დაამკვიდრა, რომლის შედეგიც იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 2011 წლის 26 მაისს,  საკუთარი ხალხის უპრეცედენტო დარბევა და დასჯა.

2007 წლის 7 ნოემბერი, 2008 წლის 8 აგვისტო, 2011 წლის 26 მაისი – საქართველოს ისტორიის უახლესი პერიოდის სამი სისხლიანი თარიღი პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის რეჟიმთან – „ნაცმოძრაობასთან“ არის დაკავშირებული. ყველა მოაზროვნე ადამიანი გრძნობს პასუხისმგებლობას, რომ ქვეყნის სათავეში კვლავ ეს სისხლიანი რეჟიმია და სწორედ ეს არის იმის გარანტი, რომ ეს ხელისუფლება დასრულდება ცივილიზებულად – არჩევნებით.

პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს – „ღირსების ულტიმატუმით“ და „მხილების მუზეუმით“ დაწყებული, პრეზიდენტ სააკაშვილისათვის გაგზავნილი წერილით, უცხოელ ექსპერტთა მონაწილეობით შედგენილი „პრეზიდენტის უნდობლობის ვერდიქტით“ დამთავრებული, ჩვენ 8 ნოემბერს განვათავსებთ „თეთრების“ ვებგვერდზე“, – ნათქვამია „თეთრების“ გზავნილში.