სამართალი
„ქართული პარტია“ ივანიშვილის განცხადებას პროვოკაციულად აფასებს

provokaciaთბილისი, 8 ნოემბერი, საქინფორმი. გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ქართული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა პარტიის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. ივანიშვილის ამ განცხადებას „ქართული პარტიის“ პოლიტიკური საბჭო გამოეხმაურა, რომელიც, როგორც საქინფორმს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, სუბარის მიერ პარტიის დატოვების ფაქტს არ ადასტურებს და ივანიშვილის განცხადებას პროვოკაციულად აფასებს.

„ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ ერთგვარი ეიფორია გამოიწვია. მიუხედავად „ქართული პარტიისა“ და მისი ერთ-ერთი ლიდერის – ეროსი კიწმარიშვილისადმი ბიზნესმენის ნეგატიური და საკმაოდ გაუგებარი შეფასებებისა, „ქართულმა პარტიამ“ არა მხოლოდ თავი შეიკავა, მასთან ამ თემაზე პოლემიკაში შესულიყო, არამედ, სოზარ სუბარმა, „ქართული პარტიის“ სახელით, მასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ამასთან, ივანიშვილს ეროსი კიწმარიშვილმა  საკმაოდ კონსტრუქციული თანამშრომლობა შესთავაზა ტელეკომპანია „მაესტროსთან“ მიმართებაში. ივანიშვილისგან მოვისმინეთ მორიგი განცხადება იმის შესახებ, რომ სოზარ სუბარმა  განცხადება გააკეთა პარტიის დატოვების თაობაზე. მიუხედავად  ბოლო დროს გარკვეულ მედიასაშუალებებში აგორებული კამპანიისა, თითქოს სოზარ სუბარმა დატოვა პარტია, მისგან ამის დამადასტურებელი განცხადება არავის უნახავს. ამ დროს ბიძინა ივანიშვილის განცხადება, აღნიშნულის შესახებ, აშკარად პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და, რბილად რომ ვთქვათ, გვაგონებს რუსეთში 90-იან წლებში ბიზნესის კეთების პრინციპს – თუ ვერ ყიდულობ ქარხანას, უნდა იყიდო მისი დირექტორი“, – აცხადებენ პარტიაში.

მათივე თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ მაქსიმალურად ეფექტურად ბრძოლის შესახებ პარტიის მიდგომა მათ კონსტრუქციულობის შენარჩუნებას და ოპოზიციურ ჯგუფებს შორის ისეთ პოლემიკაში ჩაურთველობას აიძულებს, რაც საერთო მიზნის მიღწევისაგან დააშორებს, ამიტომ პარტიის პოლიტიკური საბჭო მიმართავს ბიძინა ივანიშვილს, „ფაქტობრივ გარემოებებზე მისი შეფასაბები ნუ დაემსგავსება მკითხაობას, რაზეც ის ზოგიერთ ტელეკომპანიას  თვითონ მიუთითებდა“.