საზოგადოება
არასამთავრობოთა უარი სიების გადამოწმებაში მონაწილეობაზე

tri-HPOთბილისი, 8 ნოემბერი, საქინფორმი. სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ  ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების მიზნით შესაქმნელ სპეციალურ კომისიაში წევრის სტატუსით საქმიანობაზე უარი განაცხადა.

როგორც პარლამენტში საარჩევნო კოდექსზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, ესენი არიან: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

ამ კომისიაში ადგილების ერთი მესამედი სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკუთვნით. თუმცა, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა განუცხადა, ისინი კომისიას ექსპერტული წინადადებებით მაინც დაეხმარებიან.

„იმის გათვალისწინებით, რომ ეს სამი ორგანიზაცია არჩევნების დროს მონიტორინგს ახორციელებს, მათ მიაჩნიათ, რომ საარჩევნო სიების გადამოწმების მიზნით შესაქმნელი კომისიის წევრობის შემთხვევაში მათი მხრიდან ინტერესთა კონფლიქტი იქნება. თუმცა ეს ორგანიზაციები კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მაინც მიიღებენ და ექსპერტულ დახმარებასაც გაუწევენ. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამ რესურსს აუცილებლად გამოვიყენებთ“, – აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.

სარედაქციო ჯგუფმა შეხვედრაზე სწორედ აღნიშნული კომისიის დაკომპლექტების საკითხზე იმსჯელა. მისი შემადგენლობა, სავარაუდოდ, 10 ნოემბრისთვის გახდება ცნობილი.