პოლიტიკა
რომელი პარლამენტის სხდომა ჩატარდება ქუთაისში 26 მაისს?

v-kuTaisi-26-maia

თბილისი, 8 ნოემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქუთაისში პარლამენტის პირველი სხდომა 2012 წლის 26 მაისს გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან  შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ ყველა ერთად შევთანხმდით, რომ პარლამენტის პირველი სხდომა 26 მაისს ჩატარდება ქუთაისში. არა მარტო ერთი სხდომა, არამედ, პარლამენტი მზად იქნება, რომ ატაროს სხდომები ქუთაისში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ქუთაისში რამდენიმე დღეში მთავრობის სახლიც გაიხსნება.

„მთავრობის სახლი სიდიდით ცოტათი ჩამორჩება სახელმწიფო კანცელარიას, მაგრამ მოხერხებულობით ბევრად უფრო აღემატება ყველა სამთავრობო შენობას საქართველოში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თუმცა უცნობია – რომელ პარლამენტს გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი?  თუ პარლამენტის ამჟამინდელ შემადგენლობას, ამისთვის აუცილებელია საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, და თუ ახალარჩეულს – ამისათვის 2012 წლის 26 მაისამდე აუცილებელია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და ჩატარება.