თბილისი, 8 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებიდან აცნობეს, ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა და მომღერალმა ბრიჯიტ ბარდომ თბილისის მერ გიგი უგულავას ღია წერილით მიმართა, რომელშიც ბრიჯიტ ბარდო თბილისში ცხოველთა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და უგულავას რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს.
„მსურს, გამოვხატო ჩემი ღრმა შეშფოთება საქართველოში, განსაკუთრებით კი, დედაქალაქ თბილისში, მოხეტიალე ცხოველებთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ. თბილისში ყოველწლიურად ათასობით ცხოველი იხოცება საშინელ პირობებში... მოხეტიალე ცხოველების ეს მასობრივი ხოცვა, რომელიც სახელმწიფო სახსრებით ფინანსდება, მხოლოდ ცხოველთა ზედმეტი პოპულაციის პრობლემის ეფექტს შეეხება ისე, რომ მის გამომწვევ მიზეზებს არ ებრძვის. ასე რომ, იგი უშედეგოა და არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ცხოველთა პოპულაციის მართვის საშუალებას, როგორც ეს დადასტურდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ეს არაადამიანური მეთოდები პირიქით – იწვევს ცხოველთა პოპულაციის დესტაბილიზაციას, მოხეტიალე ცხოველების რიცხვის ხელოვნურ ზრდას და ამ ცხოველების ნებისმიერ სანიტარიულ კონტროლს შეუძლებელს ხდის.მტკიცედ ვგმობ ამ სასტიკ და, ამავე დროს, არაეფექტიან პრაქტიკას და მოგმართავთ თხოვნით, დაიწყოთ დიალოგი თქვენი ქვეყნის ასოციაციებსა და პროფესიონალებთან, რათა მაქსიმალურად სწრაფად განისაზღვროს თბილისში მოხეტიალე ცხოველების მართვის ცივილიზებული და მდგრადი პროგრამა“, – ნათქვამია წერილში.
ბრიჯიტ ბარდო თბილისის მერს რამდენიმე რეკომენდაციასაც აძლევს. კერძოდ, დაუყოვნებლივ შეწყდეს მოხეტიალე ცხოველების ხოცვა; ჩამოყალიბდეს ცხოველებთან მუშაობის სპეციალური ჯგუფი; გაიხსნას ცხოველთა თავშესაფარი, რომლის მართვაც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაევალება; დაინერგოს ვაქცინაციის, სტერილიზაცია-კასტრაციისა და დაჭერილი ცხოველების იდენტიფიცირების პროგრამა და საზოგადოების მგრძნობელობის ასამაღლებლად შემუშავდეს გარკვეული პროგრამები, რათა იდენტიფიცირებული ცხოველების შვილება ან თავისუფლებაში გაშვება გაადვილდეს.
„დიდი იმედი მაქვს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი შეძლებს, განახორციელოს ქალაქში მოხეტიალე ცხოველების პოპულაციის ეთიკური მართვა ადგილობრივ და საერთაშორისო ასოციაციებთან თანამშრომლობით და ცხოველთა დაცვის შესახებ საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად“, – აღნიშნავს ბრიჯიტ ბარდო.