სამართალი
თბილისი, 7 ნოემბერი, საქინფორმი. კომპანია „საქნახშირის“ ინფორმაციით, „ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში №4 მომპოვებელ უბანზე 6 ნოემბერს, 21:25 საათზე, წმენდით სანგრევში ჭერის უეცარი ჩამონგრევა მოხდა და ამ უბედურმა შემთხვევამ ორი მაღაროელის გარდაცვალება გამოიწვია“.
„წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, სამთო მასივის შერყევა (სამთო დარტყმა) გახდა. ზუსტ მიზეზებს კი სპეციალურად შექმნილი კომისია დაადგენს.კომპანია „საქნახშირი“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სადაზღვევო კომპანია და „საქნახშირი“ აანაზღაურებენ“, – აცხადებენ კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ ბოლო უბედური შემთხვევა ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მიმდინარე წლის 9 სექტემბერს მოხდა. მაშინ ერთი მაღაროელი დაიღუპა. 2011 წლის 22 იანვარს ტყიბულის მაღაროში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. 2010 წლის 3 მარტს მომხდარ აფეთქებას – 4, იმავე წლის 27 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას 4 მაღაროელი შეეწირა.