საზოგადოება
თემურ შაშიაშვილი: „დღეს ხელისუფლების ოპოზიცია ხალხია“

SaSaSvili22თბილისი, 7 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც მოძრაობა „თეთრების“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, მოძრაობის ლიდერი თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მმართველი პარტია, თავისი ფილიალი პარტიებითა და ვაიოპოზიციონერი პოლიტიკოსებით, დღემდე ვერ გარკვეულა, რომ მათი მთავარი ოპოზიცია არის არა რომელიმე პოლიტიკური მოღვაწე, ცნობილი ბიზნესმენი, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ მაღალრეიტინგული პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკურ პარტიათა ერთობა, არამედ „ნაცების“ უპირველესი ოპოზიციაა უმუშევრობა, შიმშილი და მათივე კორუფცია; ჯართადქცეული საწარმოები და „საკონცენტრაციო ბანაკებად“ ქცეული სოფელი; საკუთრებისადმი ხელისუფლების აღვირახსნილი დამოკიდებულება, ის პრივატიზაცია, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები ლამის მონებად და სხვათა მსახურად აქცია საკუთარ ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც; აბუჩად აგდებული განათლება, მეცნიერება, ხელოვნება, მედიცინა, სპორტი; უმოწყალოდ დახოცილი ბიჭები – სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, ზურა ვაზაგაშვილი, გიორგი გამცემლიძე, გაურკვეველ და საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, ვერაგულად მოკლული პროფესორი გურამ შარაძე, ხელისუფლების მიერ მტრად შერაცხილი და სასიკვდილოდ განწირული, ქვეყნისათვის სასიკეთოდ მომართული ბიზნესმენი და მეცენატი ბადრი პატარკაციშვილი, უაზრო და ვერაგ ომში ჩაცხრილური დღემდე დაუდგენელი რაოდენობის მეომრები, ხელისუფლების უსულგულობით გამწარებული და გარდაცვლილი დედები;  ცხოვრების წესი, ხელისუფალთა ზღვარგადასული ფუფუნებრივი ცხოვრება, საკუთარი თავისათვის დანიშნული ამერიკული ხელფასი, პენსიონერებისა და პედეგოგებისათვის კი მსოფლიოში ყველაზე დაბალი, (ნიგერიულზე დაბალი) პენსია და ხელფასი; მონურად განწყობილი ხალხის, კერპთაყვანისმცემლების, ხელისუფლების მსახური და მის ფეხქვეშ გართხმული ბიზნესმენებისაგან შეწუხებული და შეურაცხყოფილი მოაზროვნე ადამიანები; დაკარგული ტერიტორიები და ამ ტერიტორიებიდან შეურაცხყოფილად აყრილი ადამიანები; ხელისუფლებისავე ტყუილები!..

„თუ აქამდე საქართველოში გაერთიანებული ოპოზიცია იყო ხალხი, რომელსაც სიდუხჭირის გამო აღარ შეეძლო ასე ცხოვრება, დღეს უკვე სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. ამ ადამიანთა  გვერდითაა ეკონომიკურად უზრუნველყოფილ, მაგრამ ქვეყნის უბედურებაზე დაფიქრებულ მამულიშვილთა დიდი არმია და ორივენი – ისინი, ვისაც აღარ შეუძლია ასე ცხოვრება, და ისინი, ვისაც აღარ სურს ასე ცხოვრება – ქმნიან ერთიან, ეროვნულად   განწყობილ მთლიან საქართველოს ხალხს“, – აღნიშნავს თემურ შაშიაშვილი.