საზოგადოება
ზუგდიდელ გარემოვაჭრეებზე ზეწოლა გრძელდება

garemovachreebi-zugdidiზუგდიდი, 5 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ დილიდან ზუგდიდის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა გარემოვაჭრეებს საქმიანობის შეწყვეტა მოსთხოვა. როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლევან მესხია მათ სავაჭრო საქონლის მდინარეში გადაყრით  დაემუქრა, იმ შემთხვევაში, თუ საქონელს არ აიღებდნენ და საქმიანობას არ შეწყვეტდნენ.

გარემოვაჭრეები ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას ალტერნატიული ფართის გამოყოფის ან მათი დასაქმების შემთხვევაში დატოვებენ. „ჩვენი შემოსავლის ერთადერთი წყარო ეს არის და თუ აქედან აგვყარეს, რა ვქნათ, რით ვიშოვოთ ლუკმაპური, თორემ არცერთ ჩვენგანს აქ ჯდომა არ უხარია“, – აცხადებენ გარემოვაჭრეები.

ზედამხედველობის სამსახურის უფროს ლევან მესხიას თქმით კი, მათი ქმედება კანონიერია, რადგან მთელი საქართველოს ტერიტორიაზე გარევაჭრობა კანონით იკრძალება.