თბილისი, 5 ნოემბერი, საქინფორმი. ნატოში გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს – ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, ვიზიტი საქართველოში მომავალ კვირას „ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ხაზს უსვამს ძალზე გამორჩეულ პარტნიორობას საქართველოსა და ნატოს შორის“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 3 ნოემბერს.
ბრიუსელში პრესკონფერენციაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიერ სამი წლის წინათ საქართველოში განხორციელებული პირველი ვიზიტის შემდეგ, ნატო-საქართველოს ურთიერთობებში, ასევე, „საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში და, ზოგადად, ქართველ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი პროგრესი“ მოხდა.
„ჩვენი ვიზიტის მიზანი იქნება, განვიხილოთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებთან ის, თუ როგორ შეგვიძლია, მივაღწიოთ შემდგომ პროგრესს, როდესაც საქმე ეხება რეფორმებს, ასევე, შემდგომ პროგრესს საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობაში“, – განაცხადა რასმუსენმა.მან კიდევ ერთხელ გამოხატა ნატოს მადლიერება ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილის გამო.
„საქართველო მიეკუთვნება ავღანეთის ოპერაციაში ყველაზე დიდი წვლილის შემტან სახელმწიფოთა რიგს და ეს არის დასტური საქართველოს ძალიან ძლიერი ერთგულებისა ჩვენი ალიანსის მიმართ“, – დასძინა მან.
ნატოს გენერალური მდივანი და ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომელიც წევრი სახელმწიფოების ელჩებს აერთიანებს, თბილისსა და ბათუმს 9-10 ნოემბერს ეწვევიან.
9 ნოემბერს გენერალური მდივანი თბილისში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას უხელმძღვანელებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურიც.
გენერალური მდივანი და ნატოს ელჩები 10 ნოემბერს თბილისში შეხვდებიან პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს, ქართველი დეპუტატების ჯგუფსა და საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს. თბილისში ნატოს წარმომადგენლები შეხვდებიან ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც.
10 ნოემბერს ბათუმში ნატოს გენერალური მდივანი და ელჩები პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართავენ შეხვედრას. დაგეგმილია ნატოს გენერალური მდივნის ცალკე, პირისპირ შეხვდრებიც პრეზიდენტ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრთან.
რასმუსენი სიტყვით გამოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შეხვედრას გამართავს იმ ქართველ სამხედროებთან, რომელთაც ავღანეთში იმსახურეს.