თბილისი, 4 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი ეკა ბესელია და „ახალი კაპიტალის“ წარმომადგენელი – იურისტი არჩილ კბილაშვილი ვითარების გასარკვევად ერეკლე მეფის მოედნის №3-ში მდებარე როსტომ მეფის სასახლეში მივიდნენ, რომელიც შპს „ახალი კაპიტალის“ საკუთრებაა და „ქართუ ჯგუფის“ შემადგენლობაში შედის.
აღნიშნულ შენობაში სარემონტო სამუშაოები შეჩერებული იყო ზედამხედველობის სამსახურის მიერ. ეკა ბესელიამ და არჩილ კბილაშვილმა მოითხოვეს შიდა სამუშაოების განახლება, რადგან ისინი უკანონოდ მიიჩნევენ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2011 წლის 26 ოქტომბრის დადგენილებას როსტომ მეფის სასახლის მშენებლობის შეჩერების შესახებ. სათანადო იურიდიული პროცედურები ამასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს.„ახალი კაპიტალი“, ასევე, კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს შპს „ლაითი ჯგუფის“ მიერ წამოყენებულ პრეტენზიებს, თითქოს მათ შპს „პროფერთი მენეჯმენტისგან“ 3 წლის ვადით გადაეცათ როსტომ მეფის სასახლის პირველი სართულის ნაწილი – 150 კვ მეტრის ოდენობით, თუმცა „პროფერთი მენეჯმენტის“ უფლების დამადასტურებელი საბუთები აქამდე ვერ წარმოადგინეს.
დღეს ადგილზე მისულმა „ახალი კაპიტალის“ წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ სადავო ფართის ტერიტორიაზე გაურკვეველი პირები იმყოფებოდნენ. გამოძახებულ იქნა საპატრულო სამსახური, პოლიციელებმა შეადგინეს ოქმი და დააფიქსირეს „ახალი კაპიტალის“ წარმომადგენელთა განცხადება მათ საკუთრებაში უცხო პირთა უკანონოდ შეჭრის თაობაზე. ცოტა ხანში იმ პირებმა, რომლებიც თავდაპირველად „პროფერთი მენეჯმეტის“ წარმომადგენლებად აცხადებდნენ თავს, ოქმზე ხელის მოწერას თავი აარიდეს. მათ განაცხადეს, რომ ისინი მეპატრონეთა „მეგობრები“ არიან და სასწრაფოდ დატოვეს აღნიშნული ტერიტორია.
ამ დროისთვის შიდა სარემონტო სამუშაოები განახლებულია და „ახალი კაპიტალი“ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სამართლებრივ რეაგირებას ელოდება.
ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო