პოლიტიკა
თბილისი, 4 ნოემბერი, საქინფორმი. ნატოს ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და გენერალური მდივნის – ანდერს ფოგ რასმუსენის, საქართველოში ვიზიტის ოფიციალური პროგრამა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 9-10 ნოემბერს დელეგაციის ვიზიტი საქართველოს ხელისუფლების მოწვევით შედგება.
რასმუსენი 9 ნოემბერს თბილისში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას უხელმძღვანელებს, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მიიღებს მონაწილეობას. 10 ნოემბერს გენერალური მდივანი და ნატოს ქვეყნების ელჩები პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესა და პარლამენტარებს, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდებიან. დაგეგმილია ღონისძიებებიც, რომლებშიც ელჩები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას. 10 ნოემბერს კი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნატოს მუდმივ წარმომადგენლებსა და რასმუსენს ბათუმში შეხვდება. გენერალური მდივანი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტთან, პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან.