საზოგადოება
კიდევ ერთი ერთი ახალი პარტია

partia2თბილისი, 3 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი მინდია გულუა დღეს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში პოლიტიკური პარტია  „განახლებული საქართველოს“ პრეზენტაციას გამართავს. გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის კოორდინატორები მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი და რეჟისორი ლევან ანჯაფარიძე უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, ხელოვნების წარმომადგენლებმა ბოლო წუთებში უარი განაცხადეს შეთავაზებაზე, რაც ოქტომბერში დაგეგმილი ყრილობის გადადების მიზეზიც გახდა. სწორედ ამის  გამო პარტიის ლიდერი მინდია გულუას და ნანა გულუა იქნება.

მინდია გულუა მილიონერი რუსეთში გახდა. სტატუსით იგი სოხუმიდან დევნილია. ის ფართო საზოგადოების წინაშე პირველად ალექსანდრე ებრალიძისა და ვლადიმერ ხომერიკის გვერდით გამოჩნდა, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ გავლენების გადანაწილების გამო უთანხმოება მოუვიდათ, რის შემდეგაც გულუამ დამოუკიდებელი მოძრაობა „საქართველოსთვის“ ჩამოაყალიბა და აქტიურად დაიწყო ებრალიძე-ხომერიკის ტანდემიდან დიასპორის წარმომადგენლების გადაბირება.

მინდია გულუა რუსეთის პოლიტიკურ და ბიზნესელიტასთან დაახლოებული პირია. ის კრასნოდარის ოლქში პუტინის „ედინაია როსიას“ პარტიული სიითაც იყრიდა კენჭს. მისი ბიძა ბაკურ გულუა ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. სწორედ ის აფინანსებდა ბურჯანაძის მაისის აქციებს, რის შემდეგაც ბადრი ბიწაძემ, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენჯერმე მოახერხა ბიზნესმენთან შეხვედრა ავსტრიაში. ახლად შექმნილი პარტია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.