საზოგადოება
სიახლეები თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში

meria3თბილისი, 3 ნოემბერი, საქინფორმი. მოქალაქეთა მომსახურების გამარატივების მიზნით, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ ახალი ვებგვერდი შექმნა, რომლის მეშვეობითაც  შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის მიღება და სხვადასხვა ოპერაციის განხორციელება. მერიაში განახლდა ქონების მართვის სააგენტოს სერვისცენტრიც, სადაც მოქალაქეები მიიღებენ კონსულტაციას ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.

ქონების მართვის სააგენტოში დაინერგა ახალი სერვისები და გამარტივდა უკვე არსებული მომსახურებები. ახალი ვებგვერდი  (www.iauction.ge) დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, ადვილად მოძებნონ როგორც საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხა, ასევე მარტივად მიიღონ მონაწილეობა აუქციონებში.

გამარტივდა საკუთრების მოწმობის აღების წესიც. აუქციონში გამარჯვებული თანხის გადახდის შემდეგ საჯარო რეესტრში მიუსვლელად ავტომატურად რეგისტრირდება რეესტრში და ელექტრონულად იღებს საკუთრების მოწმობას.

კომპანიებს, რომლებსაც უწევთ საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოება ან ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟი, თანხმობის მისაღებად მერიაში აღარ  მოუწევთ მისვლა. ყველა სერვისის მიღება ინტერნეტის საშუალებითაა შესაძლებელი.

ვისაც ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე ან აქვს დამატებითი კითხვები, მათთვის მერიაში მომსახურების განახლებული ცენტრი მოქმედებს, სადაც მოქალაქეებს რეკომენდაციებს გაუწევენ და ელექტრონული განცხადების შევსებაში დაეხმარებიან. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს  ხელმძღვანელმა დავით ჭედიამ მოსახლეობას სამსახურის მიერ განხორციელებული სიახლეები გააცნო.